13/01/2025
14:44
სამართალი
ვთვლი, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი დათმობის ნაბიჯია გადმოდგმული, - ასე ეხმაურება ადვოკატი დავით გამყრელიძე იმ ფაქტს, რომ პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ იმ ადვოკატებს უნდა დაეწყოთ, რომლებიც ამ საქმეში თავდაპირველად იყვნენ ჩართულები.
„საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ ბრალდებულები შესაძლოა, პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლონ შემდეგ პროცესზე, რაც წარმოუდგენელი გვეგონა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. ომარ ოკრიბელაშვილს უხარია, რომ ძალიან მალე თავისუფლებაზე გამოვა, თუმცა, საბა მეფარიშვილი ჯერჯერობით მის პოზიციებში ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა, ჩვენ შევეცდებით მას ავუხსნათ, რას ნიშნავს საპროცესო შეთანხმება, იმედი მაქვს, ძალიან მალე, მასაც თავისუფლებაზე ვიხილავთ.
ამ ბავშვებს ადრე სხვები იცავდნენ, ისინი კოლეგები არიან, მაგრამ მათ თავისუფლად შეეძლოთ, ნაწილობრივ აღიარებით და მტკიცებულებების უდაოდ ცნობით, ეს ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ, ისინი პრეზიდენტს შეწყალებული ეყოლებოდა. ეს პოლიტიკური მიზნით არ გაკეთდა, ამ მხარის, იმ მხარის თუ რატომ, მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ერთია, შეიძლებოდა ეს ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ. საბა მეფარიშვილმა თავისით გაუშვა ის ადვოკატები, მას ნაწილობრივ აქვს ბრალი აღიარებული.
რატომ არის მზად პროკურატურა ამ ბავშვების მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს? იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ნაწილობრივი აღიარება მოჰყვა. ეს რომ არ მომხდარიყო, მოსამართლე პირდაპირ 6 წელს მისცემდა და ამით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. პროკურატურა შესაძლოა ამ ბავშვების მდგომარეობაში შემოვიდეს და ნაწილობრივი აღიარებით მუხლი გადაკვალიფიცირდეს, ეს მუხლი ამნისტირებულია... ჩვენ როცა ამ საქმეში ჩავერთეთ, საქმე ფაქტობრივად დანგრეული იყო, ერთი საპირწონე მტკიცებულება არ ჰქონდა ადვოკატებს წარმოდგენილი, რომ ბრალდებისთვის დაეპირისპირებინათ, რაღაზეა აქ საერთოდ საუბარი?"- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
0
0