07/02/2025
16:12
კონფლიქტები
![main-img](https://spnews.io/storage/files/soxumis%20aeroporti.png)
საცდელი რეისი მოსკოვიდან, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა იმყოფებოდა, სოხუმის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„მართლაც, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება... ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი პროექტი გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მიმზიდველობას. „რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რომლის განვითარებასაც ჩვენ გავაგრძელებთ“, - თქვა ბადრა გუნბამ.
3 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა რუსმა კურატორმა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის მიმდინარეობაზე კომენტარი გააკეთა. კირიენკომ აღნიშნა, რომ აეროპორტი დამატებით შესაძლებლობებს გაუხსნის როგორც აფხაზეთის მოქალაქეებს, ასევე რუს ტურისტებს. მისი თქმით, ინვესტორები უკვე ფიქრობენ სამომავლოდ მის გაფართოებაზე.
ზაფხულის სეზონის დასაწყისისთვის მოსალოდნელია რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გახსნა.
0
0