28/04/2023
16:50
პოლიტიკა
12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 30-მდე წარმომადგენელი, რომელიც 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა, სადაც გიორგი კალანდარიშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მზადების პროცესზე, აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისა და იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის განახორციელა.
როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში სადამკვირვებლო მისიით მყოფ საარჩევნო ადმინისტრაციების ნაწილს არჩევნების ელექტრონულად ჩატარების გამოცდილება უკვე აქვთ ან ამჟამად იმყოფებიან ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება და მიგნებები გაუზიარონ.
„29 აპრილს გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ამის მთავარი მიზეზი კი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება და ის ნოვაციები გახლავთ, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ არჩევნებისთვის დაგეგმა. შესაბამისად, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასპინძლობს 12 ქვეყნის 30-მდე დელეგატს, რომლებიც დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და ამასთანავე გაუზიარებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავიანთ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას ტექნოლოგიურ გადაწყვეტასთან დაკავშირებით“- განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა.
თანამშრომლობის გაღრმავებასა და ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში არჩევნებზე დასწრება და თავმჯდომარის მიერ მოწვეული სადამკვირვებლო დელეგაციის წევრობა. ამ ტიპის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია რათა ხაზი გაესვას ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას საარჩევნო პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალობა და ამომრჩეველთა შორის ნდობის ჩამოყალიბება. ჩვენ ყველას გვაქვს მსგავსი პრობლემები მთელ მსოფლიოში, რადგან ვცდილობთ უზრუნველვყოთ ხალხის ხმა, რაც გაძლიერდება საარჩევნო პროცესის მეშვეობით. შესაბამისად, ვცდილობთ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და ასევე ინფორმაცია მივაწოდოთ ამომრჩევლებს პროცესის უსაფრთხოების შესახებ და უზრუნველვყოთ არჩევნების ისე ჩატარება რომ შედეგის მიმართ იყოს მაღალი ნდობა. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია სხვა დელეგატებთან ერთად აქ ყოფნა, რათა ვნახო ის დიდ პროგრესი, რაც მიღწეულია აქ, საქართველოში,“ - განაცხადა ლოს ანჟელესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა დინ ლოგანმა.
კანადური არასამთავრობო ორგანიზაციის „Delian Project”-ის ხელმძღვანელის, ჯონ ჰოლანდის განცხადებით, საინტერესოა როგორ მიიღებს სიახლეებს ამომრჩეველი.
„ყოველთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში ჩამოსვლა და არჩევნებზე დაკვირვება, რადგან პროფესიონალიზმი რასაც აქ ვხვდებით, განსაკუთრებით ტექნოლოგიური კუთხით კარგად არის ინტეგრირებული საარჩევნო პროცესებში და კარგად უმკლავდება იმ მზარდ გამოწვევებს, რომელსაც საარჩევნო კუთხით ვაწყდები გლობალურად. ძალიან გვაინტერესებს ხვალინდელი არჩევნების დღე და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. დღეს, გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან. მათ გაგვაცნეს დეტალები საარჩევნო პროცედურების კუთხით, ასევე ცესკოს გეგმები და ის სიახლეები, როლებსაც ამომრჩევლებს სთავაზობენ. ძალიან საინტერესოა ამომრჩეველი როგორ მიიღებს ამ სიახლეებს, ასევე საარჩევნო მოხელეებიც, რადგან მათთვისაც ძალიან ბევრი სიახლეა; 2024 წლის არჩევნების მზადებისთვის, ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან ბევრი ქვეყანაა დღეს ჩამოსული და ყველას ძალიან აინტერესებს ეს პროცესები, რადგან საქართველო მოწინავეა ამ კუთხით და მრავალი ქვეყანა განიხილავს დანერგოს მსგავსი პროცედურები განსაკუთრებით გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა ჯონ ჰოლანდმა.
როგორც ალბანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ერტონ სინანიმ აღნიშნა, ისინი საარცევნო პროცესში განხორციელებული სიახლეებით მიიღებენ გამოცდილებას ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ელექტრონულად ხმის მიცემისა და დათვლის საკითხებთან დაკავშირებით.
„დღეს საქართველოში ვიმყოფებით სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რათა უშუალოდ ვნახოთ ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა კოლეგა საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო. კერძოდ სიახლე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ პროცესში გამჭვირვალობის და არჩევნების მთლიანობის კუთხით. მოხარულები ვართ წარმოვადგენდეთ ამ პროცესის ნაწილს და მივიღოთ გამოცდილება ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ელექტრონულად ხმის მიცემისა და დათვლის საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ერტონ სინანიმ.
სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის წევრის მილკან კარლიჩიჩის განცხადებით, თანამედროვე ელექტრონული არჩევნები გარანტიაა გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისა.
„ელექტრონული არჩევნები პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მყარ საარჩევნო საფუძველს ქმნის საარჩევნო გარემოსთვის სამომავლოდ. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ამ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის წამოწყებასა და დანერგვაში“, - განაცხადა მილკან კარლიჩიჩმა.
ამსთან, ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად დღეს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.
„საარჩევნო რეფორმის, აღნიშნულ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ტექნოლოგიური და სისტემური უზრუნველყოფის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ამ მიმართულებით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიის, ასევე ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა და ცესკოს ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერმა.
12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 30-მდე წარმომადგენელი, 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებს ქუთაისსა და თერჯოლაში დააკვირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0