10/03/2022
13:31
მსოფლიო
„ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შეერთებულმა შტატებმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს ევროპის უსაფრთხოების საჭიროებებზე - იქნება ეს ნატოს საზღვრებზე სამხედრო ძალის გაძლიერება თუ უკრაინის ჯარის პირდაპირი მხარდაჭერა. შეერთებულმა შტატებმა ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინის საბოლოო მიზანია რუსეთის პერიფერიაზე მყოფ სახელმწიფოებს (უკრაინას, მოლდოვას ან საქართველოს) ხელი შეუშალოს „აყვავებულ“ დემოკრატიულ და პარტნიორ ქვეყნებად ჩამოყალიბებაში. სამხედრო მხარდაჭერა არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს დაიცავს.
საჭიროა, განვიხილოთ, აშშ-ს რა ეკონომიკური ინსტრუმენტები აქვს საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების გასაძლიერებლად და რეგიონში ამერიკული კავშირების განსამტკიცებლად - განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც ამჟამად რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20%.
ნებისმიერი ეკონომისტი იგივეს გეტყვით: აშშ-ს ნამდვილად შეუძლია, დაუყოვნებლივ მოახდინოს გავლენა, რომელიც არა მხოლოდ დაეხმარება დემოკრატიის ზღვარზე მყოფ ამ პატარა ქვეყანას [საქართველოს], არამედ პუტინის განზე გაწევის რეალურ შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს.
ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს დასავლეთთან ღრმა ინტეგრაციას. უკრაინაში არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც აშშ-მა უნდა მიიღოს კონკრეტული ზომა, რომელიც დაეხმარება საქართველოს უფრო ძლიერი ეკონომიკის აშენებაში: გააფორმოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA).
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის ბიზნესშესაძლებლობების გაფართოებას. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, როგორც წესი, ფოკუსირებულია ტარიფებისა და გადასახადების შემცირებაზე, რომლებსაც მოთანამშრომლე ქვეყნები აწესებენ იმპორტსა და ექსპორტში, ასევე ითვალისწინებს ინვესტიციებში, ინტელექტუალური საკუთრებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში ურთიერთშეთანხმებული წესების დადგენას. საქართველოს შემთხვევაში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მარტივი გამოსავალია, რაზეც ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიძლება მიიღოს ზომები - ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში ამ შეთანხმების განხორციელებას მყისიერი ეკონომიკური გავლენა ექნება, როგორც ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიისთვის, ასევე ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვის.
ეს გაზრდის ქართული ლარის ღირებულებას, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტიციებს და აშკარად შეეწინააღმდეგება რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივს, რომ აშშ რეგიონში არადაინტერესებული და არასანდო პარტნიორია. ეს ასევე გააძლიერებს საქართველოს რეგიონულ ლიდერობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მცირე ხნის წინ განმიცხადა, რომ ამგვარი შეთანხმების გაფორმების პოტენციალი საკმაოდ დიდია. მისი [ზალკალიანის] თქმით, „საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მყისიერად გაზრდის აშშ-ის რბილ ძალას საქართველოს საზღვრებს მიღმა, თავიდან აიცილებს მზარდ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში, გაზრდის ეკონომიკურ სტაბილურობას, კეთილდღეობასა და ორმხრივ ვაჭრობას. ისტორიამ დაამტკიცა ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის ეფექტურობა და დარწმუნებულნი ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი შედეგი ექნება ორივე ქვეყნისთვის“.
აშშ უკვე ანხორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია ეკონომიკური განვითარების კუთხით; ორგანიზაციამ 1992 წლიდან თითქმის 1,8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო პროგრამების ფართო სპექტრისთვის. ვთვლი, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააოთხმაგებს საქართველოში USAID-ის მიმდინარე ინვესტიციების ეფექტს.
საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, ამერიკული კომპანიებიც ისარგებლებენ, რადგან COVID-19-ის პანდემიით მიღებული ერთ-ერთი გლობალური გაკვეთილი გლობალური მიწოდების ჯაჭვების დაუცველობაზე მიუთითებს. კომპანიები დაინტერესებულნი არიან, შეამოკლონ მიწოდების ჯაჭვი, რომელიც მათ სჭირდებათ პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გასატანად. მოქნილი შრომის კოდექსის, კონკურენტუნარიანი საოპერაციო ხარჯებისა და უცხოური ინვესტიციებისთვის მისაღები გარემოს გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველი ვარიანტია მიწოდების ჯაჭვებში უცხოური ინვესტიციებისთვის.
ქართველებს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სურთ და ეს ყველასთვის მომგებიანი ვარიანტია. საქართველოს ეს შეთანხმება უნდა მივცეთ, რადგან ეს ჩვენს ინტერესებშია“, - წერს ბროკ ბირმანი.
სტატიის ავტორი, ბროკ ბირმანი, შეერთებულ შტატებში „გერმანიის მარშალის ფონდში“ დემოკრატიული ინიციატივების მიწვეული მკვლევარია. მანამდე, ის USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწედ მუშაობდა.
ავტორი აღნიშნავს: „ამჟამად, „გერმანიის მარშალის ფონდის“ მოწვეული თანამშრომლის სტატუსით საქართველოში ვიმყოფები. ქართველები უკრაინის მხარდასაჭერად ყოველ საღამოს, 7 საათზე, იკრიბებიან და უკრაინაში ჰუმანიტარულ მარაგს აგზავნიან.“ - წერს ბროკ ბირმანი
0
0