
16 დეკემბერს ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. უმცროს ძმას, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, 12 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დასჭირდება. ოზურგეთის მოსახლეობა პიტბულის პატრონის გამოვლენას და მის დასჯას მოითხოვს. აღნიშნულ ფაქტს კინოლოგი, ზურაბ შენგელია ეხმაურება და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დამნაშავე ძაღლი კი არა, მისი პატრონია.
„მომხდარის მიზეზი ძაღლი კი არა, მისი პატრონი, ადამიანია. ამ პრობლემის მოგვარება ძაღლის პატრონს შეუძლია, ძაღლს არა. მან არჩევანი მებრძოლი ჯიშის ძაღლზე შეაჩერა, მაგრამ ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. მებრძოლი ჯიშის ძაღლი სპორტსმენს ჰგავს, რომელსაც უსაზღვროდ დიდი შესაძლებლობები აქვს და ამას დახარჯვა სჭირდება. მებრძოლ ძაღლს შესაბამისი პირობები უნდა ჰქონდეს, შესაბამის წვრთნას უნდა გადიოდეს, უნდა ვარჯიშობდეს და აქტიურობდეს. საქართველოში უამრავი კინოლოგიური კლუბია, რომლებმაც უნდა გამოაცხადონ მზადყოფნა ყველა ჯიშის ძაღლი რეგისტრაციისთვის ან თვითონ სახელმწიფომ უნდა დაარეგისტრიროს. ამის შემდეგ უნდა მოხდეს კონკრეტული ჯიშების კლასიფიკაცია და ამის შემდეგ სპეცნებართვების გაცემა.
პატრონმა სპეცკურსი უნდა გაიაროს, ფინანსურადაც უნდა შეეძლოს, რომ ძაღლს ყველანაირი პირობა შეუქმნას. ძაღლი რომ ერთმეტრიანი ჯაჭვით გყავს მიბმული, ვერ მოძრაობს, ვერ თამაშობს, მოფერებას მონატრებულია, ამას მოვლა არ ქვია. ძაღლები პატარა ბავშვებივით არიან. ისინიც თამაშობენ, მათაც უყვართ, მათაც უხარიათ, ჩვენ კი ვცდილობთ ჩვენი შეცდომები მას გადავაბრალოთ. ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის ეს შემთხვევები მთლიანად პატრონის პასუხისმგბლობაა. მოიყვანა, გაზარდა, ტერიტორიას მიაჩვია და რაღაც პერიოდის შემდეგ ვერ შეძლო არ შეძლო ან არ მოინდომა მასზე ზრუნვა. ძაღლებსაც ადამიანის მსგავად, გარდატეხის ასაკი აქვთ. 8-9 წლის ასაკში, როცა ლეკვობიდან ზრდასრულობის ფაზაში გადადის, ძაღლი სხვანაირი ხდება და საკუთარი სივრცის ჩამოყალიბებას იწყებს. თუ ამ კრიტიკულ პერიოდში პატრონმა არ იცის, როგორ დაეხმაროს ან დახმარების სურვილი არ აქვს, შეიძლება ასეთი შედეგი დადგეს, თანაც მარტო პიტბულთან კი არა, ნებისმიერ სხვა ძაღლთან. ათამდე პიტბულზე აგრესიული ლაბრადორი მინახავს, ასე, რომ ყველაფერი პატრონზეა დამოკიდებული. ჯიშს და გენს ვერაფერს უზამ, მაგრამ ჯიშის და გენის სწორად მართვა შესაძლებელია. აზიის ქვეყნებში ხალხს სახლში ლომები და ვეფხვები ჰყავთ, მაგრამ სწორად იმორჩილებენ. მორჩილება ჩაგვრას არ ნიშნავს. ძაღლი რომ დაბმული, დამშეული და დამწყვდეულია, იმისგან ყოველთვის დაკბენას უნდა ველოდოთ, ამიტომ მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ძაღლს პატრონი ჯიშის, სტანდარტის და ხასიათის მიხედვით უვლიდეს. ინსტრუქციასავით უნდა იყოს გაწერილი როგორ უნდა მოხდეს ძაღლის ხასიათის და თვისებების დაბალანსება. რა თქმა უნდა, ამ საქმეში კინოლოგების დახმარება იქნება საჭირო“, - ამბობს შენგელია TIA.GE-სთან ინტერვიუში.
0
0