16/10/2021
12:30
რეგიონები
ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას შეფასებით, ფონდი „ქართუს“ მიერ, ქალაქ ზუგდიდში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
„პროექტი მოიცავს ორ მოედანს, ბუნებრივი და ხელოვნური საფარით, ასევე გათვალისწინებულია სასტუმრო და ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ძალიან მალე უმნიშვნელოვანეს ობიექტს, რომელიც ასევე იქნება წამახალისებელი ამ უბნის, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე, ურბანული განვითარებისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ.
მან მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ ზუგდიდში განხორციელებული პროექტებისთვის.
„მადლობა იმ იმიჯის შემქმნელი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, რომელიც მიმდინარეობს ან დასრულდა ჩვენს ქალაქში, ეს გახლავთ დრამატული თეატრი, ნიკოსეული სასახლე, რომელიც დასრულებულია ასევე, ბოტანიკური ბაღის საპროექტო სამუშაოები. ეს გახლავთ ის დახმარება, რომლის გარეშეც ამ ობიექტების რეაბილიტაცია წარმოუდგენელი იყო ადგილობრივი ბიუჯეტით“, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის სარაგბო ბაზა დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ექნება, როგორც ბუნებრივსაფარიანი, ასევე ხელოვნურსაფარიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებლისთვის.
„ფონდი „ქართუ“ ახორციელებს რაგბის მხარდაჭერის პროგრამას, ჯამში ჩვენ თოთხმეტი ბაზა გვაქვს გაკეთებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწყებული გვაქვს ზუგდიდში მორიგი ბაზის მშენებლობა, ეს იქნება საკმაოდ მოზრდილი ბაზა ოთხ ჰექტარზე გაშლილი, როგორც ხელოვნური ისე ბუნებრივი საფარის მქონე მოედნით და ასევე გაკეთდება ტრიბუნები და სასტუმრო, სადაც შეძლებენ გაჩერდნენ გუნდები, ნაკრებები. ეს პროექტი ზუგდიდისთვის იქნება დადებითი სპორტის განვითარების კუთხით, ასევე მთელი რეგიონისთვის, ვინაიდან აფხაზეთიდანაც შეძლებენ მსურველები მონაწილეობის მიღებას და ვფიქრობ ძალიან კარგი საქმე გაკეთდება ამით“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
ზუგდიდის რაგბის სტადიონი იქნება მეორე სარაგბო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა „ქართუმ“ ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.
„ბაზის მნიშვნელობა იქნება უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ აფხაზეთის სიახლოვეს გვაქვს კომპლექსი და იცით როგორი ინიციატივაა იქიდანაც, რომ მეზობელი სოფლებიდან ბავშვებს უნდათ სიარული, ამიტომ დღეს ჩვენ მოვიარეთ, დავათვალიერეთ, ვნახეთ სამშენებლო ტემპი და ვფიქრობთ რომ უახლოეს პერიოდში აქ მოედანზე ბავშვები შეძლებენ ვარჯიშს და მათგანაც უკვე რაგბის კავშირი გამოიკვებება მაღალპროფესიული მორაგბეებით. სულ რაღაც 5 დღის წინ 18 წლევანდელები გახდნენ ევროპის ჩემპიონები და დიდი გამარჯვებები გველოდება წინ“, - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.
0
0