07/04/2022
11:25
მსოფლიო
დღეს ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას და კოორდინაციას, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა.
როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად კიევში ჩასვლას გეგმავს.
„ყველამ იცის, იმ სისასტიკეების შესახებ, რომლებიც აღმოჩენილია ბუჩაში და სხვა ახლომდებარე დასახლებებში კიევის ოლქში. უახლოეს დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩავალთ კიევში, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ გავიგებთ უკეთესად, რა ხდება იქ“, – განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა.
„ზელენსკის აქვს ბევრი მხარდაჭერა, თუმცა მას ნამდვილად სჭირდება მეტი იარაღი. კარგი სიტყვები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია პრაქტიკული საკითხები – მეტი რესურსი, მეტი სამხედრო შესაძლებლობა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, საერთაშორისო საზოგადოებიდან რუსეთის მეტი იზოლაცია, მეტი სანქციები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დღეს ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ელჩები საბოლოოდ დაამტკიცებენ სანქციების მეხუთე პაკეტს და ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შესათანხმებლად გადაეცემა. ვიმედოვნებ, რომ როდესაც კიევში ჩავალ, მე ამის გამოცხადებას შევძლებ. ნება მიბოძეთ ასევე შეგახსენოთ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა გაიმართება გაერო-ში და იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება გადაწყვეტს რუსეთის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის შესახებ. ეს იქნება რთული კენჭისყრა, გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება ხმების ორი-მესამედი, თუმცა ვფიქრობ, ამას შეათანხმებენ“, – განაცხადა ბორელმა.
კითხვაზე, რას ფიქრობთ ნავთობის ემბარგოზე, ჯოზეფ ბორელმა აღნიშა: „ეს საკითხი არ არის სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელიც განიხილება დღეს, იქ ნახსენებია მხოლოდ ქვანახშირი, თუმცა ვფიქრობ, ამ საკითხზე იმსჯელებენ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე. ადრე თუ გვიან, იმედი მაქვს, რომ უფრო ადრე, ეს მოხდება“.
0
0