08/08/2023
12:59
კონფლიქტები
2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავს რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამზე“ ეხმაურება, სადაც „რუსულ ნარატივს“ იმეორებს და ომის დაწყებაში კვლავ ქართულ მხარეს ადანაშაულებს.
მისივე თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე მოღალატეობრივი თავდასხმის ბრძანება გასცა, რუსეთი კი მშვიდობიან მოსახლეობას იცავდა.
„მისი „მეფობის“ დასაწყისიდანვე სააკაშვილის რეჟიმი ხაზგასმულად რუსოფობიური იყო. მას მხარს უჭერდნენ ევროკავშირი და ნატო, აფინანსებდნენ, აწვდიდნენ იარაღს და ამზადებდნენ სამხედროებს. იგივე, რაც მოგვიანებით მოხდა უკრაინაში“, - აღნიშნა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
დუმის თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილი დასავლეთისთვის არასაჭირო აღმოჩნდა და სამშობლოშიც დაგმეს.
„სააკაშვილის მხოლოდ ჰალსტუხის ღეჭვა ახსოვდათ“, - წერს ვოლოდინი და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ახლა საქართველოს პრეზიდენტობის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
ის პარალელს ავლებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ამბობს, რომ დასავლეთი უკვე დაიღალა მისით.
„მისი უმადურობა ევროპული პოლიტიკის დომინანტური თვისება გახდა“, - აღნიშნავს ვოლოდინი და ამბობს, რომ ზელენსკისაც იგივე ბედი ელის, რაც სააკაშვილს.
„ვაშინგტონისა და ბრიუსელის მარიონეტების ბედი ყოველთვის ერთნაირად მთავრდება – მათ აშორებენ.
შემდეგი არის ზელენსკი“ - აცხადებს რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე.
0
0