22/12/2023
17:34
სპორტი
რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში „შავმა ლომმა“ თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე „თელ-ავივ ჰითს“ უმასპინძლა 27:17 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ მოახერხა ტიტულის მოგება.
„შავი ლომი“ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, პირველ ტაიმში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და ეს ანგარიშშიც აისახა – ქართველებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს (კერვალიშვილი, თოდუა, ივანიშვილი), მატკავამ სამივე შედეგიანად გარდასახა, რასაც ერთი ზუსტი ჯარიმაც დაუმატა. ქართველების შედეგიან თამაშს ისრაელის გუნდმა ერთი ლელოთი უპასუხა და ტაიმი „შავმა ლომმა“ 24:7 მოიგო.
ისევე, როგორც ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, მეორე ტაიმში „ჰითმა“ თამაში გამოასწორა და დასაწყისშივე მოახერხა ერთი ლელოს გაქვითვა, „შავი ლომის“ მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ 55-ე წუთზე არბიტრმა კერვალიშვილი მოედნიდან გააძევა და ქართველები კაცნაკლულნი დარჩნენ.
„ჰითი“ კიდევ უფრო გააქტიურდა და 66-ე წუთისთვის სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა, თუმცა რამდენიმე წუთში მატკავამ ჯარიმის გატანა მოახერხა – 27:17.
მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე „შავი ლომის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – არბიტრმა ბექა მამრიკიშვილი 10 წუთით გააძევა მოედნიდან და „შავ ლომს“ მატჩის დასრულება 13 მოთამაშით მოუწია, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა გაუძლეს მეტოქის შემოტევებს, შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს და ზედიზედ მესამედ გახდნენ რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულები.
0
0