21/05/2024
10:38
კულტურა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
უწყების ცნობით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ყინწვისის კომპლექსის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სახურავის წყალსაწრეტ ღარებსა და მილებში დაგროვებული ფოთლები და მტვრის მასა აფერხებდა სახურავებიდან წვიმის წყლის ორგანიზებულად გადაყვანას, რაც იწვევდა ფასადებზე წყლის ჩამოჟონვას.
„ძეგლის მესაკუთრესთან კონსულტაციის შედეგად და ძეგლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აღნიშნულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აიღო თავის თავზე. სამუშაოები მთამსვლელ გიორგი გუჯაბიძის ჯგუფმა განახორციელა. სააგენტო მადლობას უხდის მათ საუკეთესო თანამშრომლობისა და გაწეული შრომისთვის.
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი დაარსებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე სამეფო კარის ბრძანებით. ანსამბლის მთავარი ნაგებობა – წმ. ნიკოლოზის ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი საქართველოს განვითარებული ფეოდალური ხანის გუმბათოვანი ტაძრების ტიპური ნიმუშია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV საუკუნეში. XIII საუკუნის დასაწყისში შესრულებული ეკლესიის მოხატულობა შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ნიმუშია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0