25/10/2024
17:58
საზოგადოება
დღევანდელმა ხელისუფლებამ ნაბიჯი გადადგა და მკაცრად აღნიშნა, რომ მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ოჯახის სიწმინდის დაცვა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რადგან თუ არ იქნება ოჯახი წმინდა, თუ არ იქნება ოჯახი ძლიერი, არ იქნება ქვეყანაც წმინდა და არ იქნება ძლიერი, - განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ.
იგი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. მეუფე მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მიუთითებს, რათა ქვეყანა გადარჩეს. საქართველოში იყო მშვიდობა, განვითარება და ქართველები დაბრუნდნენ სამშობლოში.
მისივე თქმით, 35 წელია, რაც რელიგიურად ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში „პოლიტიკურად მიდრეკილი არავის მიმართ“ ყოფილა, თუმცა მიაჩნია, რომ მთელს სამყაროში ისეთი ვითარებაა, რომ საჭიროდ მიიჩნია, საზოგადოებისთვის მიემართა.
„არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს არის მიკერძოებული დამოკიდებულება ვინმეს მიმართ. მე რეალურ სურათს დავხატავ და შემდეგ ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს. პირველ რიგში მინდა მოგიყვეთ 2002 წლის ამბავი. კერძოდ, 2002 წელს პატრიარქის მიერ გამოთქმული ერთი ამბის შესახებ. პატრიარქს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ის გლობალიზაციის შესახებ და მისი დამოკიდებულება როგორი იყო. უწმინდესმა ბრძანა, რომ გლობალიზაცია ისეთი პროცესია, რომელსაც ჩვენ, ადამიანები ვერ შევაჩერებთ. შეადარა მე-9 ტალღას, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. მან ხელები გაშალა და ასე ბრძანა, რომ ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისეთი რამ, საკითხი, თემა, ჩავყვინთოთ წყალში, რომ გადაგვიაროს ამ ტალღამ. შემდეგ ამოვყვინთოთ და ამ თემის რეალიზება მოვახდინოთ. რამდენიმე წამის დაფიქრების შემდეგ თქვა, რომ ის, რაც ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ და შემდეგში განვახორციელოთ, არის ოჯახის სიწმინდე. თქვენ ამას ამ წუთში ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს ეს და რატომ ვამბობ, მაგრამ მოვა დრო და თქვენ ამას მიხვდებითო. აი, გავიდა 22 წელი და მთელი სამყარო ამ თემაზე საუბრობს, კამათობს. მათ შორის, საქართველოში ოჯახის სიწმინდეზეა ბევრი საუბარი და ეკლესიის, პატრიარქის მიერ დადგინდა კიდევაც ოჯახის სიწმინდის დღე. ამას ძალიან ბევრი ადამიანი ეთანხმება და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ან ეწინააღმდეგებიან, ან საჭიროდ არ თვლიან ყურადღების გამახვილებას.
დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა და მკაცრად აღნიშნა, რომ მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ოჯახის სიწმინდის დაცვა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რადგან თუ არ იქნება ოჯახი წმინდა, თუ არ იქნება ოჯახი ძლიერი, არ იქნება ქვეყანაც წმინდა და არ იქნება ძლიერი. ამიტომ, მე მინდა ვიფიქრო, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი და ამიტომ ეს ნაბიჯი არ არის გადადგმული იმისთვის, რომ მიაღწიო პოლიტიკურ წარმატებას. ვფიქრობ, ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ყველა უნდა ვფიქრობდეთ და ვალდებულიც კი ვართ საქართველოში ოჯახის სიწმინდეზე და ქვეყნის განვითარებაზე.
მინდა ყველამ დაინახოს, სად არის სიმართლე, სად არის სიწმინდე, ერთგულება და თავგანწირვა. ჩვენ არ უნდა დავუპირისპირდეთ არავის. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით, ტრადიციებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე არის დამკვიდრებული საქართველოში და უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე - არა მხოლოდ პოლიტიკურ წარმატებაზე, არა მხოლოდ თანამდებობაზე, არა მხოლოდ პირად კარიერაზე, არამედ ქვეყნის დაცვასა და გადარჩენაზე.
ვფიქრობ, დღეს ამაზე საუბარი და სწორი გადაწყვეტილების მიღება თითოეული ჩვენგანის ვალია და სწორი არჩევანის შემთხვევაში მაქვს იმედი, რომ საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველა ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას, ქვეყნის გაბრწყინებას, გადარჩენას და ღმერთიც შეგვეწევა ამ საქმეში“, - განაცხადა მეუფე საბამ.
0
0