02/12/2021
14:07
პოლიტიკა
„ოღონდ როცა სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც აქვს გაკეთებულ სანდრას ჯანდაცვისთვის ციხეში. სანდრა არაა კორუფციონერი? გენერალური ასამბლეის სესიაზე ერთად როცა ვიყავით, მას აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია, რომელიც დაჯდა საკმაოდ ძვირი. რატომ არ არის ეს საქმეში შეტანილი?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს. საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024