18/11/2024
09:26
პოლიტიკა
ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ - ჩვენ მივდივართ ევროპაში, ამიტომ ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.
მისი თქმით, წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა.
„მეგობრებო, წუხანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში. კვლავ დიდი მადლობა ამისთვის. არ არის მარტივი ღამისთევა ამ სიცივეში. ჩვენ გვჭირდება რაღაცნაირად ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ. წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა. ბრძოლა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო. ბრძოლა იმისთვის, რასაც ჩვენ ამდენი წელი, ამდენი საუკუნეა დაუღალავად ვაკეთებთ. ჩვენ მივდივართ ევროპაში, ამიტომ ჯერ მოვიდეთ აქ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ მოიტანეს თბილი სასმელები, საჭმელი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც ერთად დგომა და ერთმანეთის გამხნევებაა. გელოდებით აქ. შევიცვლებით. ლიდერები აქ ვიქნებით, ზოგიერთი წავა, ზოგი მოვა, მაგრამ ყოველთვის აქ ვიქნებით და რაც მთავარია, ჩვენ მეგობრებო, არ უნდა დავიშალოთ,“ - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და მათ, აქციის მონაწილეებთან ერთად, ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.
მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.
0
0