17/05/2023
16:34
სპორტი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს შეხვდა. მან ქართველ ძიუდოისტებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
სპორტის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სპორტსმენთა სტიპენდიები გაიზრდება. მისი თქმით, თავდაპირველად, გაზრდილ სტიპენდიას ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციები მიიღებენ, ზრდა კი ეტაპობრივად, სხვა ეროვნულ ფედერაციებსაც შეეხებათ.
ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ. ვერცხლის მედალს ლაშა ბექაური დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გიორგი სარდალაშვილი გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე რამდენიმე ისტორიულ შედეგს მიაღწია, კერძოდ:
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა, ასევე პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტები – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველად დაიკავა პირველი ადგილი და საქართველოს შერეულმა ნაკრებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
0
0