25/01/2025
00:35
მსოფლიო
ისრაელის მთავრობამ “ჰამასის” ტერორისტული ორგანიზაციიდან 4 ისრაელელი მძევალი ქალის სახელების მიღება დაადასტურა და აღნიშნული 4 მძევლის ვინაობა გაასაჯაროვა.
მძევლების გაცვლის მეორე რაუნდის შედეგად, ოთხი სამხედრო ქალი, რომლებიც ჰამასის ტყვეობაში 477 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, გათავისუფლებიან და ისრაელში დაბრუნდებიან.
აღნიშნული მძევლები არიან: 19 წლის ლირი ალბაგი, 20 წლის დანიელა გილბოა, 20 წლის კარინა არიევი და ასევე 20 წლის ნაამა ლევი.
ალბაგი, გილბოა, არიევი და ლევი ისრაელის თავდაცვის ძალების სათვალთვალო დანაყოფიდან ჰამასის ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ტერორისტული თავდასხმის დროს გაიტაცეს.
როგორც გამოცემა Times of Israel წერს, 4 მძევალი ქალი ჯარისკაცის სია ნაწილობრივ არღვევს ისრაელსა და “ჰამასს” შორის დადებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევალთა გაცვლის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად ჩვეულებრივი მოქალაქე ქალები უნდა გათავისუფლდნენ, მხოლოდ ამის შემდგომ ქალი ჯარისკაცები და ბოლოს მოხუცები და ჯანმრთელობის კრიტიკული პრობლემების მქონე პირები.
მიუხედავად შეთანხმებაში ჩაწერილი ამ რიგითობისა, ისრაელი “ჰამასის” მხრიდან 4 ჯარისკაცი ქალის გათავისუფლებას დათანხმდა და მიიჩნია, რომ ეს დარღვევა შეთანხმების ჩასაშლელად საკმარისად სერიოზული არ იყო.
აქამდე, მძევალთა გაცვლის პირველი რაუნდის ფარგლებში, ისრაელმა “ჰამასის” ტერორისტული ორგანიზაციის 471-დღიანი ტყვეობიდან სამი ისრაელელი ახალგაზრდა ქალი, რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტეინბრეხერი დაიბრუნა.
0
0