04/11/2022
10:12
მედიცინა
სიმსივნის გამოვლენას, სანამ ის მეტასტაზებს წარმოქმნის და სხეულში გავრცელდება, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არის, რომ ექიმები გვირჩევენ რეგულარულად ჩავიტაროთ გამოკვლევები რათა სიმსივნის გავრცელებული სახეობები ადრეულ ეტაპზე გამოვლინდნენ და დროულად ვიმკურნალოთ.
მაგალითად, კოლონოსკოპია ნაწლავის კიბოსთვის განკუთნილი სადიაგნოსტიკო პროცედურაა, ხოლო მამოგრაფია ძუძუს კიბოს გამოკვლევის მეთოდია.
რა იქნებოდა სისხლის ერთი წვეთით რომ შეიძლებოდეს კიბოს გავრცელებული სახეობების დიაგნოსტიკა?
მულტიკიბოს ადრეული გამოვლენის ტესტები (MCED) ამას გვპირდებიან. წელს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “Cancer Moonshot” პროექტი, რომელიც კიბოს დამარცხებას ისახავს მიზნად, $1.8 მილიარდით დააფინანსა.
როგორ მუშაობს MCED ტესტი?
ორგანიზმში ყველანაირი უჯრედი სისხლში დნმ-ს გაოყოფს როცა კვდება. MCED ტესტების საშუალებით, მკვდარი კიბოვანი უჯრედების ნარჩენი დნმ-ის პოვნა არის შესაძლებელი. სისხლის ნაკადში მოძრავი უუჯრედო დნმ კიბოს უჯრედების ყოფილ ქსოვილზე, წარმოშობასა და ავთვისებიანობაზე ამხელს ინფორმაციას.
გამოკვლევის ეს მეთოდი ახალი არ არის. თხევადი ბიოპსია კიბოს მძიმე პაციენტებზე გამოიყენება. ექიმები კიბოს უჯრედების დნმ-ში მუტაციებს იკვლევენ, რაც მკურნალობის საუკეთესო გზის შემუშავებაში ეხმარებათ. ლოგიკურია, რომ როცა მეტასტაზები მთელს სხეულშია გავრცელებულია, კიბოვანი უჯრედების უფრო ხშირია სისხლში და კიბოვანი უჯრედებისა და მათი დნმ-ის პოვნაც უფრო ადვილია.
MCED ტესტი თხევადი ბიოპსიისგან იმით განსხვავდება, რომ MCED ტესტით ცდილობენ კიბო ადრეულ სტადიაშიც გამოავლინონ, რის შემთხვევაშიც კიბოვანი უჯრედების კვალის, დნმ-ის, პოვნა თივაში ნემსის პოვნასავით რთულია.
საქმეს ისიც ართულებს, რომ ჯანმრთელი სისხლის უჯრედები დეფექტურ და დაზიანებულ დნმ-ს დაბერებასთან ერთად ბუნებრივად გამოყოფენ. ამ ფენომენს კლონური მეტამორფოზა ეწოდება. ექიმებმა დეფექტური დნმ შეიძლება კიბოვანი უჯრედის დნმ-ად აღიქვან და ამის გამო მცდარი დიაგნოზი დასვან. MCED ტესტების გამოცდის პირველ ეტაპზე ბევრი მცდარი დადებითი პასუხი გამოვლინდა, რაც შემდგომში კლონურ მეტამორფოზას დაუკავშირეს.
საბედნიეროდ, MCED ტესტების გაუმჯობესებისას ეს პრობლემა აღმოიფხვრა. განახლებული ტესტით კიბოვანი უჯრედები „მოლეკულური ბარკოდით“ იძებნება, რაც წარმოშობის ქსოვილზე მიუთითებს. ეგრედწოდებული ბარკოდი ყველა უჯრედს გააჩნია, ვინაიდან ეს მოლეკულური მარკერი დნმ-ის მეთილაციის ბუნებრივი პროცესის შედეგია.
ისე როგორც ფილტვის ქსოვილს ძუძუს ქსოვილისგან განსხვავებული დნმ მეთილაცია აქვს, ფილტვში წარმოქმნილ კიბოვან უჯრედს ძუძუს ქსოვილში წარმოქმნილი კიბოვანი უჯრედისგან განსხვავებული მეთილაცია აღენიშნება.
კიბოვანი უჯრედების დნმ მეთილაციის კონფიგურაციების კატალოგის შედგენით, MCED ტესტების დახმარებით მეცნიერებს შეეძლებათ სისხლში აღმოჩენილი უცნობი წარმოშობის დნმ-ის ნაგლეჯი კიბოვან უჯრედს სწორად შეუსაბამონ ან უკეთეს შემთხვევაში უგულვებელყონ როგორც ჯანმრთელი უჯრედის დნმ.
ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან MCED ტესტისთვის ლიცენზია არ გაცემულა. MCED ტესტის ჩატარება საკმაოდ ძვირიცაა ($949), თუმცა კვლევების ამ ადრეულ სტადიაზე ძალიან ეფექტურიც. 2021 წელს კომპანია GRAIL-მა MCED ტესტის ეფექტურობის დასადგენად კვლევა ჩაატარა. 2800 მონაწილიდან მხოლოდ 0.5%-მა მიიღო მცდარი დადებითი პასუხი.
საკითხავი ის არის, მზად არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა MCED ტესტების მიღების, იმპლემენტაციის, და დაფინანსებისთვის.
წყარო: ScienceAlert
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0