22/02/2022
13:11
კონფლიქტები
სამშაბათს დილით (ადგილობრივი დროით), უკრაინის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ რეაგირებს რუსეთის პროვოკაციაზე, თუმცა დასძინა, რომ „უკრაინა არავის არაფერს დაუთმობს“.
„ამ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების ერთგულნი ვრჩებით. ჩვენ არ ვრეაგირებთ არანაირ პროვოკაციებზე. ეს ჩვენი არჩევანია. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და არავისი გვეშინია. ჩვენ ვალში არავის წინაშე ვართ, ამიტომ უკრაინა არავის არაფერს დაუთმობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვის ქმედება "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად" შეაფასა და მოკავშირეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ჩვენ უნდა დავინახოთ, თუ ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები და ვინ აგრძელებს რუსეთის ფედერაციის შეშინებას მხოლოდ სიტყვებით“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, „უკრაინა ის ქვეყანა არ არის, რაც რვა წლის წინ იყო, როდესაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, რამაც გამოიწვია დღემდე არსებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.“
„ეს არ არის 2014 წლის თებერვალი, ეს 2022 წლის თებერვალია. ეს სხვა ქვეყანაა განსხვავებული არმიით, [მაგრამ] უცვლელი მიზნით და ეს არის მშვიდობა,” - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
NBC News-ის თანახმად, რეგულარული არმიის გარდა (რომელიც 200 000-ზე მეტ სამხედროს მოიცავს), უკრაინას 300 000 ჯარისკაცის მობილიზებაც შეუძლია - და მათგან 130 000 ტერიტორიული თავდაცვის ახალ ბატალიონებს შექმნის. კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების ნახევარზე მეტი ბრძოლისთვის მზადაა, თუ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრება.
ორშაბათს საღამოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის - დონეცკისა და ლუგანსკის - დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს მოაწერა ხელი. მანვე გამოსცა განკარგულება დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო ძალების შესვლის შესახებ. მისიის მიზანი კი გაურკვეველია. მსოფლიო ლიდერებმა პუტინის ეს ნაბიჯი დაგმეს.
0
0