12/10/2024
10:39
სპორტი
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-0 დამთავრდა. მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა, მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.
ქართველებს თამაშში არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გამოიყენეს. ჩვენებმა მატჩის მიწურულს გოლი გაიტანეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.მატჩი დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის საწყის წუთებზე მოედნის ზოგიერთ ნაწილში შუქი ჩაქრა, რის გამოც რამდენიმე წუთით მატჩი შეჩერებული იყო.
- მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა.
გიორგი მამარდაშვილი:
"ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთი იყო ეს, რადგან ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი, თუმცა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და გამოვასწოროთ ეს თამაში, რაც დღეს იყო. სამწუხაროდ მათ გაიტანეს მხოლოდ და მათ გაიმარჯვეს. კარგი სერია გვქონდა, მაგრამ როგორ დაბრუნდები წაგებული თამაშის შემდეგ, ესაა მნიშვნელოვანი. ასე რომ არ უნდა დავხაროთ თავი, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ სვლა მიზნისკენ, რომლის მიღწევა თითოეულ ჩვენგანს სურს".
ოთარ კიტეიშვილი:
პირველი 20-25 წუთი ისეთი თამაშ ვერ ვაჩვენეთ, როგორც ბოლო პერიოდი. ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ, მთლიანობაში, ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის შედეგი და ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რისი სურვილიც გვქონდა, აუცილებლად გავაანალიზებთ შეცდომებს. მოვემზადებით და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთესად შეგვიძლია თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. იმედია, დღევანდელი შედეგი გამოსწორდება".
ერთა ლიგის გათამაშების B ჯგუფში საქართველო ამ დროისთვის კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს, მეორე ადგილზე ჩეხეთია, მესამე ადგილს ალბანეთი იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილას უკრაინაა.
0
0