26/11/2022
11:36
მედიცინა
ვეიპის, ანუ ელექტრონული სიგარეტის მოწევა მსოფლიოში სიგარეტის მოწევასთან შედარებით ნაკლებად საზიანო, არასაშიში ჩვევის სახელით გავრცელდა, თუმცა ახალი კვლევები საპირისპიროს გვიჩვენებენ - ვეიპინგი ჯანმრთელობის დიდად საზიანო მავნე ჩვევაა.
თაფტის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სკოლის ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ პაციენტები, რომლებიც ვეიპინგის მოწყობილობებს მოიხმარენ, კარიესების განვითარების უფრო მაღალი საფრთხის წინაშე დგანან. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) იტყობინება, რომ 9.1 მილიონი ამერიკელი ზრდასრული და 2 მილიონი მოზარდი თამბაქოს შემცველ ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარს.
„საზოგადოების ცნობიერება ვეიპინგის მოხმარების უარყობით მხარეებზე ამაღლდა - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ჩვევა ფილტვების დაავადებებს დაუკავშირეს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულმა კვლევებმა ელექტრონული სიგარეტების მოხმარებასა და ღრძილების დაავადებებს შორის კორალაცია გამოამჟღავნა, მაინც ნაკლები ღურადღება ექცევა იმ თანაკვეთას, რომელიც შესაძლოა კბილის ღრუს დაავადებებსა და ამ ჩვევას შორის არსებობდეს,“ - განაცხადა კარინა ირუსამ, დამხმარე პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა.
პირველი კვლევა
ეს ახალი კვლევა პირველია, რომლითაც გამოიძიეს კავშირი (ვეიპინგის) ელექტრონული სიგარატებისა და კონკრეტულად კარიესის განვითარების შორის. კვლევის ფარგლებში 16 წლის ზემოთ ასაკის 13 000-ზე მეტი პაციენტი გამოიკვლიეს, რომლებმაც 2019-2022 წლებში ტაფტის სტომატოლოგიურ კლინიკაში იმკურნალეს.
მეცნიერებმა „სტატისტიკურად მნიშვნელოვანი“ განსხვავება აღმოაჩინეს პირის ღრუს კარიესის განვითარების რისკის მხრივ ელექტრონული სიგარეტების მომხმარებლებსა და საკონტროლო ჯგუფს (არამწეველთა) შორის. ელექტრონული სიგარეტების მწეველთა 97 პროცენტი კარიესის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდა - ეს არამწეველთა 60 პროცენტს ვერც შეედრება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნები საბოლოო არ არის, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს მკვლევრები რას ხედავენ.
კონკრეტულად რა ხდის ელექტრონულ სიგარეტს საზიანოს?
კარიესის გაჩენის მიზეზები, ელ-სიგარეტების მწეველთათვის, შაქრის შემცველობა და ვეიპის სითხის სიბლანტე არიან. როცა სითხე ორთქლდება და პირის ღრუს გავლით შეისუნთქება, შაქრიანი და ბლანტი სითხე კბილებს ეკრობა. ვეიპინგი კბილის ლპობას წინა კბილების ძირში იწვევს.
სხვა კვლევამ, რომელიც ასევე ბოლო დროის განმავლობაში გამოქვეყნდა, გამოავლინა, რომ ვეიპინგის პირის ღრუს მიკრობიომსაც ვნებს.
როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?
სტომატოლოგები ამბობენ, რომ ყველასთვის უმჯობესი იქნება, თუ ინფორმაცია ელექტონული სიგარეტის მოხმარება ან არმოხმარების შესახებ პაციენტის სამედიცინო ისტორიის ნაწილი გახდება.
ტაფტის უნივერსიტეტების მკვლევრები ფიქრობენ, რომ მწეველებს წაადგებათ ცალკეულად მათთვის განკუთვნილი კარიერის შემაკავებელი ზომების მიღება - მათთვის ფტორიდის შემცველი ძლიერი კბილის პასტის ან სავლების გამოწერა და წელში მინიმუმ ორი სტომატოლოგიური ვიზიტის რეკომენდაცია.
„თუ ჩვევას მიიღებთ, მაშინაც კი თუ დაავადებულ კბილს დაიპლომბავთ, მაგრამ ელექტრონული სიგარეტის მოწევას არ შეეშვებით, ყოველთვის იარსებებს მეორადი კარიესის გამოჩენის შანსი.“
კვლევა ჟურნალ “The Journal of the American Dental Association”-ში გამოქვეყნდა.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0