28/06/2024
13:13
ეკონომიკა
ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აეროპორტებს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით. განიხილებოდა ორი ალტერნატიული ვერსია - არსებული აეროპორტის გაფართოება, ან სრულიად ახალი აეროპორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკურ საბჭოზე განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მილიონი მგზავრი და ახალი აეროპორტი, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე. გაანგარიშებულია მგზავრთა ნაკადების ზრდის მაჩვენებელი შემდეგი წლებისთვის და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ აეროპორტის არსებითი გაფართოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამას მიეძღვნება ეს ახალი მეგაპროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის.
„ასევე მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის აეროპორტის ახალ გენერალური გეგმის შესაქმნელად. გვინდა ავაშენოთ ახალი ტერმინალი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება წელსვე, დასრულდება 2026 წელს. ასევე უკვე დასრულდა ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები. ადგილების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანია თელავის და მესტიის აეროპორტების განვითარება. უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები, თანამედროვე ტერმინალები ორივე აეროპორტისთვის. თელავის აეროპორტის ტერმინალში ახალი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება. დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ათ თვეში. მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება იგეგმე4ბა მიმდინარე წელს და დასრულება - 2025 წელს“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0