08/11/2021
13:54
ეკონომიკა
ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკისთვის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მისი ინკლუზიურობის კუთხით გაძლიერება, რაც კეთილდღეობის განაწილებაში მთლიანი მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობს. „ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2021 წელს ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სექტორების მომჯობინება და ჩემი აზრით აუცილებელია ამ დარგების სრული კლასტერიზაცია, შემოსავლების სრულად ათვისების და იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად,“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
მისი ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტის პროგნოზიდან ირკვევა, რომ ნომინალურმა GDP-მ 65 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს, რაც მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით 5.55 დოლარს ნიშნავს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი პარამეტრი იქნება ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გასაუმჯობესებლად და უცხოელი ინვესტორების საქართველოთი უფრო მეტად დაინტერესების კუთხით.
ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, ახალ ბიუჯეტთან მიმართებაში კიდევ რამდენიმე საინტერესო პარამეტრია გასათვალისწინებელი. კერძოდ დეფიციტის 4.2%-მდე შემცირება, რომელიც პანდემიის გამო კრიტიკულად იყო გაზრდილი და მნიშვნელოვან პრობლემებს გვიქმნიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობისა თუ ლარის გაცვლითი კურსის კუთხით. საგარეო ვალი კი როგორც იქნება ჩამოსცილდება 60 პროცენტიან ზღვარს და 52.8 პროცენტამდე დაიწევს, რაც საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, იმ ფონზე როდესაც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში საგარეო ვალები ჯერ ისევ ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
0
0