02/10/2024
23:49
მსოფლიო
წმინდა პეტრეს მოედანზე არსებულმა, რელიგიურ საქმეთა ინსტიტუტის სახელით ცნობილმა ვატიკანის ბანკმა, რომელიც 5 მილიარდზე ევროზე მეტი ღირებულების აქტივებს ფლობს, ცოლ-ქმარი და ამავდროულად ბანკის თანამშრომლები, სამსახურიდან დაითხოვა თანამშრომლებს შორის ქორწინების აკრძალვის წესის დარღვევის გამო.
ნეპოტიზმის პრევენციის მიზნით წესის შემუშავების შესახებ ბანკმა თანამშრომლებს აპრილში განუცხადა, თუმცა წესის ამოქმედება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, ბანკის ბოლო დარჩენილი ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთი პენსიაზე გავიდა. ბანკმა კაცს და ქალს, ადრე ქორწინებაში მყოფებს და შვილების პატრონებს, აგვისტოში ერთმანეთზე დაქორწინებულებს, მოსთხოვა, რომ რომელიმე მათგან ბანკში სამსახურზე ეთქვა უარი. სამსახურის დატოვება მეუღლეთაგან არცერთმა არ ისურვა და ბანკის ადმინისტრაციამ, წესის აღსრულების აუცილებლობის მოტივით, ორივე მათგანი დაითხოვა.
დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვატიკანის ბანკი იტყობინება, რომ მან მიიღო „რთული გადაწყვეტილება" შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, რადგან „დასაქმებულთა შორის დაქორწინებული წყვილის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, აშკარად ეწინააღმდეგება ინსტიტუტში არსებულ წესებს".
ბანკის განცხადებით, აკრძალვის მთავარი მიზანი იყო ნეპოტიზმში დადანაშაულების რისკის თავიდან აცილება და „ინტერესთა კონფლიქტის სიტუაციების შესაძლო წარმოშობის თავიდან აცილება".
„ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ღრმა სინანულით, ნაკარნახევი იყო ინსტიტუტის საქმიანობაში გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნების აუცილებლობით და არავითარ შემთხვევაში არ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ ორი ადამიანის ქორწინებაში გაერთიანების უფლებას”.
წესის შესახებ, რომელიც ასევე კრძალავს თანამშრომლების ვატიკანის სხვა დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებზე დაქორწინებას, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკმაყოფილო თანამშრომლებმა დეტალები იტალიურ პრესას გაუზიარეს.
წყვილმა პაპ ფრანცისკეს, რომელმაც ეს წესი დაამტკიცა, ქორწინებამდე მიმართა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თხოვნით, მაგრამ მიმართვა უპასუხოდ დარჩა, 1 ოქტომბერს კი ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.
ვატიკანის საერო ასოციაციამ, რომელიც პროფკავშირების საერთაშორისო ასოციაციის კონფედერაციის წევრია და წყვილის უფლებებს იცავს, ბანკის ხელმძღვანელები გააფრთხილა, რომ უჩივლებს მათ, თუ ცოლ-ქმარს სამსახურში 30 დღის განმავლობაში არ აღადგენენ.
0
0