18/10/2022
19:08
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე: საქმის კურსში არ იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მისი მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით? მურადაშვილმა აღნიშნა: „გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა. შესაძლოა, გაიზარდოს ბრალდებულთა წრე. დანარჩენს მოგახსენებთ შემდეგში“, - განაცხადა კახა მურადაშვილმა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან "გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
0
0