10/12/2021
19:49
საზოგადოება
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%- ით არის გაზრდილი. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 4%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო უწყებების მთავარ მიზანს უკანასკნელი წლებია გარდა ექსპორტის ზრდისა ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაც წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი არასტაბილურ ბაზრად მიიჩნევა ეკონომიკური გუნდი აქტიურად ცდილობს ალტერნატიული ბაზრების მოძებნას, სადაც ქართული ღვინო ერთის მხრივ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებას მეორეს მხრი კი უფრო მაღალ საფასო სეგმენტში შეძლებს გადასვლას. მიზანს პანდემიის მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურები თავს კარგად ართმევენ. ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:
პოლონეთი - 29% (5908393)
ჩინეთი - 26% (5469450)
აშშ - 12% (971714)
გერმანია - 13% (751810)
ლატვია - 10% (1634827)
ლიეტუვა - 44% (960928)
იაპონია - 12% (189844)
დიდი ბრიტანეთი - 76% (702640)
ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 91% (317692), შვედეთი - 97% (119494), ჩეხეთი - 259% (141432), საფრანგეთი - 6% (84028), ისრაელი - 62% (422839), ყაზახეთი - 38% (3775978), აზერბაიჯანი - 21% (209987), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 11% (11667525), რუსეთი - 6% (55867692), მონღოლეთი - 174% (402810), ბელარუსი - 26% (4454009) და ა.შ.
2021 წელს საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა. ექსპორტიორი კომპანიების ლიდერთა სიაში ერთ-ერთი „ბადაგონია“. კომპანია რომლის პროდუქციის ასორტიმენტიც მოიცავს როგორც ღვინოებს ასევე ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. მეწარმეები კახეთის ყველა მიკროზონაში 400 ჰა-მდე ვენახებს ფლობენ და ღვინოს ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან აწარმოებენ.
მსგავსი კომპანიებისთვის, რომლებიც ტრადიციების შენარჩუნებას და ხარისხიანი ღვინის დაყენებას ანიჭებენ უპირატესობას, ბუნებრივია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეკორდული ექსპორტის მაჩვენებლები კი პირველ რიგში პასუხისმგებლიან მეღვინეებზე დგას.
„ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო იმ კუთხითაც, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის მხრივ საგრძნობი ზრდა აღინიშნა. პირველ რიგში, ევროპის ბაზარზე. კერძოდ, გერმანიისა და პოლონეთის ბაზარზე, რომელიც ლიდერობს ქართული ღვინის მოხმარებით“ - განაცხადა სატელევიზიო ეთერში „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ
ცალკე საკითხად არის განსახილველი ქართული ღვინო ამერიკაში. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) ინფორმაციით აშშ-ში, 2012 წლის შემდეგ, ქართული ღვინის იმპორტის 5-ჯერ არის გაზრდილი. (https://www.facebook.com/wineecon/photos/a.209757432384404/5315692325124197/)
ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, თუ 2012 წლის პირველ სამ კვარტალში (იანვარ-სექტემბერი) საქართველოდან აშშ-ში იმპორტირებული იყო 627 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, 2021 წლის იმავე, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, იმპორტირებულია 3,268 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 17,95%-ს შეადგენს.
„ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაცია“ (AAWE) პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა. ასოციაციამ მიმდინარე წლის მარტში გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა, თუმცა, იმპორტის შემცირების პირობებში, საქართველო წინსვლას და იმპორტის ზრდას აგრძელებს. 2020 წელს, აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3,93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება, რის შედეგადაც, ქართული ღვინის ცნობადობა და, შესაბამისად, ექსპორტი სტაბილურად მზარდია.“ - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში
აღსანიშნავია, რომ ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ქვეყანაში წლების განმავლობაში დანერგილი მავნე პრაქტიკის აღმოფხვრაზეც. საქმე ეხება დიდი რაოდენობის ღვინის წარმოებიდან ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაზე გადასვლაზე. ამ მიმართულებით სამინისტრომ საკანონმდებლო დონეზე რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა. მათ შორის არის ვენახების კადასტრის პროგრამა.
ამრიგად ბოლო წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად მუშაობს, რომ მსოფლიოს შეახსენოს ღვინის წარმოების მრავასაუკუნოვანი ისტორია. თუ სფეროს ექსპერტებს დავუჯერებთ, ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე ღვინის მწარმოებლებს შორის უახლოეს პერიოდში შეძლებს თავის დამკვიდრებას.
0
0