06/07/2022
11:15
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ უკრაინის აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს, თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება. ამის შესახებ მან შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთის ომმა უკრაინაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით ადამიანმა იძულებით შეიცვალა საცხოვრებელი. მილიონობით უკრაინელმა დაკარგა საარსებო წყარო და 90%-ს სიღარიბე ემუქრება. სახლების, სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის აღდგენას წლები დასჭირდება“, - თქვა გაეროს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ორგანიზაცია მუშაობს უკრაინის მთავრობასთან, აუფეთქებელი საბრძოლო მასალის, ნაღმებისა და კასეტური საბრძოლო მასალის საფრთხის დასაძლევად.
„ჩვენ ვამზადებთ საფუძველს კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის. ეს გრძელი გზაა, მაგრამ ის ახლავე უნდა დაიწყოს“, - თქვა გუტერეშმა და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, „მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს ამ მძიმე დღეებში, რათა უკრაინა თავიდან აშენდეს“.
0
0