22/10/2024
14:00
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან, რუსეთის მიერ ორგანიზებულ BRICS-ის სამიტზე დასასწრებად, ვლადიმერ პუტინის მიწვევა მიიღო.
„გაეროს გენერალურმა მდივანმა არ მიიღო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტზე დასასწრებად. თუმცა ის დათანხმდა სამხედრო დამნაშავე პუტინის მიერ ყაზანში მიწვევას. ეს არასწორი არჩევანია, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხს. ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას“, - აცხადებენ სამინისტროში.
როგორც The Independent-ი წერს, გაეროში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, დაესწრება თუ არა გუტერეში სამიტს, რომელიც ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.
22 ოქტომბერს, რუსეთის ცენტრალურ ქალაქ ყაზანში, პუტინი BRICS-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, რომელიც მიზნად ისახავს არადასავლური ქვეყნების გავლენის დემონსტრირებას. მიწვეულ ლიდერებს შორის არიან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. რუსი ოფიციალური პირების თქმით, გასულ თვეში, გუტერეშმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს აცნობა, რომ ის ყაზანში ჩასვლას აპირებდა.
„უცნობია, გაეროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ყაზანს ეწვევა თუ არა. მისი მომავალი ვიზიტის შესახებ განცხადებები მოგვიანებით გაჟღერდება,” - თქვა გაეროს სპიკერის მოადგილემ ფარჰამ ჰაკმა.
0
0