16/11/2024
15:46
სოც-ქსელები
გმირად შერაცხული ლაზარე, გაწუწული მედროშე ქალი, გამჭვირვალობით გაღიზიანებული ელისაშვილი, ზედხედიდან ლამაზი კადრის გადასაღებად დავარცხნილი პროტესტები და მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის „კარგად მისაყიდ“ სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, კირთაძის ქმედება პერფორმანსია თუ სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისი ინსტიტუტი იტყვის, თუმცა მისი შეფასებით, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი გაიფორმეს.
„სამართლის შერჩევითად გამოყენებას რომ გაძალებენ, პოლიტიკურ საფარველში ჩაბუდებულ კრიმინალებს ციხიდან გათავისუფლებინებენ, მართლაც ავტოკრატიული და რეპრესიული რეჟიმის შემქმნელებს გმირებად გვისაღებენ რუსთაველზე წამოსკუპებული, ევროპის სახელით მოლაპარაკე, თავის დროზე კარგად ნასიამოვნები „ძველი მეგობრები“, დემოკრატიის უკუსვლად რომ გვიფორმებენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, არჩევნების მოპარვის თუ გაყალბების (ამაზე ჯერ კარგად მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ) მტკიცებულებების ამაო ძიებით სასოწარკვეთილი ჯგუფების საქციელზე პასუხისმგებლობა, წამქეზებლებსაც ისევე ეკისრებათ, როგორც შემსრულებლებს.
გმირად შერაცხული ლაზარე, გაწუწული მედროშე ქალი, გამჭვირვალობით გაღიზიანებული ელისაშვილი, ზედხედიდან ლამაზი კადრის გადასაღებად დავარცხნილი პროტესტები და მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის „კარგად მისაყიდ“ სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი. პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა.
იქნებ საქართველოს დემოკრატიული ზრდის დამკვირვებლებიდან ვინმე ოდნავ მაინც შეშფოთდეს ან შეიშმუშნოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირების აშკარა და დაუფარავი ხელის შეშლის გამო?“, – წერს ბოჭორიშვილი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.
0
0