18/02/2023
17:10
სამხედრო
“უკრაინა და საქართველო დაუცველები არიან რუსეთის აგრესიისგან, ისინი ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ, ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად, ახლავე, რადგან რეალობა არის ასეთი”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველომ და უკრაინამ რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს.
„ნატო-ს პოზიცია უკრაინის თაობაზე არ შეცვლილა. ჩვენ 2008 წელს შევთანხმდით, რომ უკრაინა გახდებოდა ალიანსის წევრი და ეს არის ჩვენი პოზიცია ახლაც. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ უკრაინა იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. უკრაინა თუ არ იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, ვერ განვიხილავთ ვერანაირ სამომავლო ურთიერთობებს უკრაინასა და ალიანსს შორის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია სამხედრო დახმარება, რომელსაც ალიანსის პარტნიორები აწვდიან უკრაინას ყოველდღიურად.
„ამ კუთხით, ჩვენ ასევე მივესალმებით პრემიერ სუნაკის ინიციატივას. გვქონდა მსჯელობა, რომ შეიქმნას ჩარჩო, რომელიც გვჭირდება სამომავლო მშვიდობისთვის. როცა ომი დასრულდება, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ისტორია არ განახლდება, რუსეთი აღარ შეიჭრება უკრაინაში. ეს ყველაფერი დაიწყო 2008 წელს საქართველოში შეჭრით, შემდეგ 2014 წელს – ყირიმსა და დონბასში, გასულ წელს – სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდეს და უნდა დავარღვიოთ რუსეთის აგრესიის წრე ევროპის ქვეყნების მიმართ. როცა ეს ომი დასრულდება, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსული აგრესია არ გაგრძელდეს.
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ სხვადასხვა სახის დახმარება მოლდოვას, რაც შეგვიძლია სწრაფად. უკრაინა და საქართველო არიან ქვეყნები, რომლებიც არიან დაუცველები რუსეთის აგრესიისგან, მოწყვლადები, რომლებმაც რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს. ისინი ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ.
მოლდოვა არ ისწრაფვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თუმცა ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭირთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად, ახლავე, რადგან რეალობა არის ასეთი. მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთს და უკან ახევინებს რუსეთის ჯარებს, არის მამაცი უკრაინელი სამხედროები, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არის ასევე ის, რომ ნატო ატრენინგებს უკრაინელებს 2014 წლიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0