23/06/2022
18:43
მსოფლიო
უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით, რომ არის ზოგიერთი პირობა და ეს შესრულდება, საქართველოსთვის ასევე იქნება ცხადი გზა ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ასევე, ჯოზეფ ბორელის თქმით, დღევანდელ სამიტზე საუბარი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე.
„ჩვენ ახლა ვისაუბრებთ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს წევრობის საკითხზე. უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, იმ გაგებით, რომ არის ზოგიერთი პირობა და ეს შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება ცხადი გზა ევროკავშირისკენ. ვისაუბრებთ ომის შედეგებზე, ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამაზე. საკვების ფასების და სიმცირის თვალსაზრისით, რუსეთი ცდილობს კრიზისის პროვოცირებას, რადგან ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია ხორბალზე. მხარს ვუჭერთ გაერო-ს მცდელობას განბლოკოს უკრაინული პორტები. სანქციები რუსულ პროდუქტს არ ეხება, მაგრამ ფასები განუწყვეტლივ იზრდება. ეს განსაკუთრებით ჩანს აფრიკაში, სადაც ფასები 60 პროცენტით გაიზარდა“, – განაცხადა ბორელმა.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა სამი ასოცირებული ქვეყნის განცხადებებთან დაკავშირებით თავისი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეფასდეს, როგორ ასრულებს ის პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
0
0