15/11/2024
20:37
პოლიტიკა
თსუ-ს პირველი კორპუსის შესასვლელთან ხმაური იყო. ადგილზე კვლავ არიან სტუდენტები, რომლებსაც სამართალდამცავები შენობაში შესვლის ნებას არ აძლევენ. სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები შენობაში არ შეუშვა.
თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჯგუფ “დაიტოვეს” წევრები მოვიდნენ. ადგილზე არიან რიგითი მოქალაქეებიც.
როგორც თსუ-ს სტუდენტმა, სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერმა ნიკო მანაგაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, ხელისუფლებას ამ სტუდენტური მუხტის ეშინია და უნივერსიტეტის შენობის ჩარაზვის განკარგულება სწორედ მან გასცა.
„ცოტა ხნის წინ მოვედი აქ, მას შემდეგ, რაც ვნახე, რომ რამდენიმე სტუდენტი მოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, უნდოდათ, რომ შესულიყვნენ შენობაში და იქიდან
დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. წარმოუდგენელი პანიკა ატყდა ადმინისტრაციაში, ეგრევე ჩარაზეს კარი, დღევანდელი სასწავლო პროცესი გამოაცხადეს დასრულებულად, შიგნით მყოფ ლექტორებსა და სტუდენტებსაც კი არ უშვებდნენ გარეთ, რომლებიც ლექციებიდან გამოდიოდნენ. ეს არ არის პანიკა, ეს არის სინამდვილეში ინდიკატორი ხელისუფლების ამჟამინდელი მდგომარეობის, რადგან ეს არ არის უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გარედან ნაკარნახები“, - აღნიშნა ნიკო მანაგაძემ.
თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა მანამდე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებდნენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობა.
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზებაა.
0
0