19/09/2024
13:11
მსოფლიო
ტაივანური ელექტრონიკის კომპანია Gold Apollo აცხადებს, რომ ლიბანში აფეთქებული პეიჯერები მათი ლიცენზიით იყო წარმოებული უნგრული მწარმოებლის მიერ. ამის შესახებ ევრონიუსი წერს.
სამშაბათს ლიბანსა და სირიაში აფეთქებებს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა და სამი ათასი დაშავდა. დაჭრილებს შორის არის ირანის ელჩი ლიბანში.
ტაივანის ელექტრონული ფირმის Gold Appollo-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან დაუშვა სხვა კომპანიის მიერ დამზადებულ პეიჯერებზე მათი ბრენდის გამოყენება.
"თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ BAC-ს უფლებას ვაძლევთ გამოიყენოს ჩვენი ბრენდი პროდუქციის გასაყიდად ზოგიერთ რეგიონში. აფეთქების შედეგად აღმოჩენილი პროდუქტები ჩვენი არ არის", - განმარტა Gold Apollo-ს თავმჯდომარე სუ ჯინგკუანგმა. საქმე ეხება ბუდაპეშტში დაფუძნებული ფირმა BAC Consulting KFT-ს.
პრემიერ მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ლიბანის აფეთქებებში გამოყენებული პეიჯერები არასოდეს ყოფილა უნგრეთში დამზადებული.
"უნგრეთის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ კომპანია არის სავაჭრო და შუამავალი კომპანია, რომელსაც არ აქვს საწარმოო ან სხვა საოპერაციო ობიექტები უნგრეთში“. - განაცხადა უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა. სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთისთვის „ეს საქმე არ წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოწყობილობებში შემავალი მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები დისტანციურად აფეთქდა.
"ჰეზბოლას" მოძრაობა, ირანი და ლიბანის მთავრობა თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებდნენ, მაგრამ თელ-ავივმა პეიჯერის აფეთქებებზე კომენტარი არ გააკეთა.
ოთხშაბათს ისრაელის ჯარებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს ბოლო დღეებში ლიბანში ელექტრონული მოწყობილობების აფეთქება არ უხსენებია. თუმცა მან მაღალი შეფასება მისცა ისრაელის არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობას და თქვა, რომ "შედეგები ძალიან შთამბეჭდავია". თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ღაზაში ჰამასის მებრძოლებთან რამდენიმეთვიანი ომის შემდეგ "სიმძიმის ცენტრი ჩრდილოეთისკენ გადადის".
"ჩვენ ომის ახალი ეტაპის დასაწყისში ვართ - ეს მოითხოვს გამბედაობას, მონდომებას და გამძლეობას", - აღნიშნა იოავ გალანტმა.
ბრიუსელმა შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ ეს ზრდის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკს.
"თუნდაც თავდასხმები იყოს მიზანმიმართული, მათ გამოიწვიეს მძიმე, განურჩეველი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მათ შორის დაშავებული არიან ბავშვები“, - გაანცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელმა აღნიშნა, რომ ინციდენტს "უკიდურესად შემაშფოთებლად" თვლის.
"მე შემიძლია მხოლოდ დაგმო ეს თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ლიბანის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და ზრდის რეგიონში ესკალაციის რისკს“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
"ევროკავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავიდან აიცილონ სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც სავალალო შედეგებს მოიტანს მთელ რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ," - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული მოხსენების თანახმად, ოთხშაბათს უკაბელო მოწყობილობების აფეთქების ახალ ტალღას შეეწირა სულ მცირე 14 ადამიანი და დაშავდა 450-ზე მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად აფეთქდა რაციები, პორტატული რადიომიმღებები, მობილური ტელეფონები, მანქანის მაგნიტოფონები და სახლის მზის პანელებიც კი.
წინა დღეებში პეიჯერებზე აფეთქებების სერიის შედეგად კი სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.
0
0