11/09/2024
15:54
სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, 2 ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 6 იანვარს, ბრალდებულები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები - დედა-შვილი, უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა გასაღების მიზნით მივიდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის ტერიტორიაზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ", მე-6 ნაწილის "ა" და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
0
0