12/11/2024
15:31
პოლიტიკა
ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ცესკო-ს არ აქვს უფლება უფლებამოსილების ცნობის მიზნით „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს.
„არჩევნების დღესვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას. „ერთიანობა - ნაციონალური“ მოძრაობის სახელით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობასა და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე.
დღეს გვინდა ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს, განსახილველადაც კი.
ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვაგზავნით. ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელები და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ. ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება; სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ჩვენ ეს ვიხილეთ მათ შორის გუშინ, როცა საქართველოს ევროპელი მეგობრები იმყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელსაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი. მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან; არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან და ჩვენ ჩვენი ხელმოწერით, კიდევ ერთხელ, ვადასტურებთ, რომ ცესკო-ს არ აქვს უფლება უფლებამოსილების ცნობის მიზნით ჩვენი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს.
ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მიიღო.
0
0