29/06/2023
12:19
სპორტი
ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, გაი ლუზონმა კომენტარი გააკეთა ევრო 2023-ის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე, სადაც მისი გუნდი ტურნირის მასპინძელ საქართველოს ნაკრებს შეხვდება.
ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ C ჯგუფის ბოლო ტურში ისრაელმა ჩეხეთი 1:0 დაამარცხა და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე კი ინგლისი გავიდა, რომელიც 2 ივლისს ქუთაისში ნახევარფინალის საგზურისთვის პორტუგალიას დაუპირისპირდება.
„სიტყვები არ მყოფნის, ისეთი ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყველა კომპლიმენტი და დამსახურება ეკუთვნით ფეხბურთელებს. ამ თაობას განსაკუთრებულს თავმდაბლობა და ენთუზიაზმი ხდის. ისინი ახალგაზრდები არიან, მაგრამ გონებრივად ძალიან მოწიფულები.
შეხვედრამდე ვუთხარი, რომ ოლიმპიადაზე ნამდვილი ჩემპიონები მიდიან – მოზრდილები, მომთმენები. გვსურს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, რათა ოლიმპიადაზე გამორჩეულ ნაკრებებს შორის მოვხვდეთ. ვინმეს რომ ეთქვა, ინგლისის, ჩეხეთისა და გერმანიის ჯგუფიდან ისრაელი გავიდოდა, გიჟად ჩათვლიდნენ. რეალისტები რომ ვიყოთ, უკვე სახლში დასაბრუნებლად უნდა ვემზადებოდეთ.
საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურე. ისინი დიდი ემოციითა და სულისკვეთებით თამაშობენ. არავის სჯეროდა, რომ ჯგუფში, სადაც ნიდერლანდები, ბელგია და პორტუგალია თამაშობდნენ, პირველ ადგილს ეს გუნდი დაიკავებდა. ამიტომ, ჩემი დიდი პატივისცემა მათ.
თუ მატჩს 50-60 ათასი მაყურებელი დაესწრება, ამით მხოლოდ ბედნიერი ვიქნები, რადგან ასეთი ატმოსფერო მომწონს. 100 ათასი გულშემატკივრის წინაშე თამაშსაც ვისურვებდი. ჩვენ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში უკეთესი გუნდი გავა“, – განაცხადა გაი ლუზონმა.
საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების დაპირისპირება 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. ცნობილი გახდა, რომ მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა.
0
0