21/06/2023
09:18
სპორტი
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დღეს, 21 ივნისს იწყება.
იყო მოლოდინი, რომ 2 წარმატებული ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ამ ტურნირშიც მიიღებდნენ მონაწილეობას. მათი გვარები დასახელებული იყო საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაშიც. თუმცა მოგვიანებით, ორივე ფეხბურთელმა თავად განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ იასპარეზებენ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე:
ხვიჩა კვარაცხელია:
"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები.
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს." - დაწერა კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ.
გიორგი მიქაუტაძე:
"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელივანია.
რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება.
წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ." - დაწერა მიქაუტაძემ რამდენიმე დღის წინ.
როგორც ცნობილია, დღეიდან იწყებს ასპარეზობას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები - Საქართველო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დინამო არენაზე, 20:00 საათზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21 | მატჩების განრიგი
21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.
0
0