04/07/2023
08:17
სპორტი
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარეობს, ტურნირის არსებობის ისტორიაში გულშემატკივართა ყველაზე დიდი ჯამური დასწრება დაფიქსირდა.
შეჯიბრების ისტორიაში ერთ მატჩზე დასწრების ახალი რეკორდიც საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების შეხვედრაში დამყარდა, რომელსაც პაიჭაძის სტადიონზე 44 338 გულშემატკივარმა უყურა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების სამი საუკეთესო მაჩვენებელი თბილისში, მიმდინარე ჩემპიონატზე დაფიქსირდა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა, 41 887 გულშემატკივარი დაესწრო, ნიდერლანდებთან მესამე ტურის თამაშს კი – 43 043.
საერთო ჯამში, საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ტურნირის მასპინძელ სტადიონებზე, ამ დროისთვის, 279 341 გულშემატკივარი მივიდა. აქედან საქართველოში ჩატარებული მატჩები ტრიბუნებიდან 196 812 ქომაგმა იხილა. ეს კი საერთო მაჩვენებლის 70 პროცენტია.
ევრო 2023-ის დაწყებამდე, დასწრების საუკეთესო მაჩვენებელი 1996 წელს დაფიქსირდა. ბარსელონაში, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების ფინალური შეხვედრის დროს ტრიბუნაზე 35 500 ადამიანი იყო.
ერთ მატჩზე დასწრების საუკეთესო მაჩვენებელი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე:
1. 44 338: საქართველო 0-0 (3-4) ისრაელი, U21 EURO 2023 (პაიჭაძის სტადიონი, თბილისი)
2. 43 043: ნიდერლანდები 1-1 საქართველო, U21 EURO 2023 (პაიჭაძის სტადიონი, თბილისი)
3. 41 886: საქართველო 2-2 ბელგია, U21 EURO 2023 (პაიჭაძის სტადიონი, თბილისი)
4. 35 500: იტალია 1-1 ესპანეთი (5-4), U21 EURO 1996 (ბარსელონა)
5. 35 000: საბერძნეთი 0-0 საფრანგეთი, U21 EURO 1988 (პირეუსი)
0
0