03/02/2022
14:02
მსოფლიო
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ, განაცხადა, რომ ათეულობით მიგრანტი გაიყინა და დაიღუპა სასაზღვრო ქალაქ იფსალაში, რომლითაც ევროკავშირის ზონაში შესვლის მცდელობისას მიგრანტები ხშირად სარგებლობენ.
საიდან მოვიდნენ მიგრანტები და რატომ დარჩნენ თავშესაფრის გარეშე ცივ პირობებში, გაურკვეველია, საბერძნეთი და თურქეთი კი ტრაგედიის გამო ერთმანეთს ადანაშაულებენ.
როგორც სოილუმ „ტვიტერზე“ განაცხადა, საბერძნეთის მესაზღვრეებმა მიგრანტთა ჯგუფს გვერდი აუარეს და ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩამოართვეს. მან „ტვიტერში“ ბუნდოვანი სურათები გამოაქვეყნა, რომლებზეც ნახევრადჩაცმული და ტალახში მწოლიარე, სულ მცირე, რვა ადამიანის ცხედარი ჩანს.
სოილუმ საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციას და მის დანაყოფებს მკვლელები უწოდა და თქვა, რომ ევროკავშირი "არასაიმედო და სუსტი, ასევე ჰუმანური გრძნობებისგან თავისუფალია".
თუმცა, საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა, ნოტის მიტარაჩიმ, სოილუს ბრალდებები დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ უარყო.
„თურქეთის საზღვარზე, იფსალას მახლობლად, 12 მიგრანტის დაღუპვა ტრაგედიაა, მაგრამ ამ ინციდენტის მიღმა არსებულ სინამდვილეს ჩემი კოლეგის მიერ გამოვლენილ ცრუ პროპაგანდასთან საერთო არაფერი აქვს. უსაფუძვლო პრეტენზიების ნაცვლად, თურქეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და იმუშაოს მიგრანტების ასეთი საშიში მიმოსვლების თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
12 მიგრანტი 22-კაციანი ჯგუფის ნაწილი იყო. რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი კვლავ ეძებენ დარჩენილ 10 მიგრანტს; უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
0
0