26/07/2024
13:28
სამართალი
თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
დიმიტრი გაბუნია აღნიშნავს, რომ თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას "ტვ პირველი" არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღება და არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელი პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა დაიწყოს.
„საქმე ეხება ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია ტელეკომპანია "პირველის" და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის მიმართ. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქმე ეხება „დღის ამბებში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კახა კალაძემ 60 მილიონი აიღო მხოლოდ ერთი ტენდერიდან და ჩაიდინა კორუფციული გარიგება, ამას დადასტურებულად ამტკიცებდნენ. სასამართლოს სამივე ინსტანციამ საბოლოოდ დაადგინა, რომ ეს ფაქტი არის ტყუილი, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობები გავრცელდა. ტელეკომპანია "პირველს" და მაია მამულაშვილს დააკისრა ამ ყალბი ცნობების უარყოფა იმავე საშუალებით, როგორც ეს ცნობები იყო საჯაროდ გავრცელებული და ასევე, მორალური ზიანის სახით დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა. დღეს ჩვენ დავიწყეთ ამ კანონიერ ძალაში შესულო გადაწყვეტილების აღსრულება. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს ოფიციალური მოთხოვნა და ისინი ვალდებულები არიან, მოცემული გადაწყვეტილება შეასრულონ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რაც გულისხმობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ეს არის ერთგვარი პრეცედენტული საქმე, რომ შემდგომში მედიამ გადაამოწმოს კონკრეტული ინფორმაცია, ფაქტებზე დაყრდნობით გაავრცელოს და კონკრეტული პირის დისკრედიტაცია არ მოახდინოს.
„ჩვენ ამ თანხას ვითხოვთ და იმედია, იძულებითი აღსრულება არ დაგვჭირდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა არ იქნება გადახდილი, ბუნებრივია, დაიწყება იძულებითი აღსრულება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საბანკო ანგარიშები დაყადაღება. შემდეგი ნაბიჯი იქნება ქონების დაყადაღება და თუ არ აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელი პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც არის გათვალისწინებული სააღსრულებო კანონით", - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
0
0