31/10/2024
12:44
საზოგადოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსში ტრადიციულად ლიდერობენ. 2024 წლის კონკურსში გამარჯვებული 39 პროექტიდან 17 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 43.6%) თსუ დოქტორანტებს ეკუთვნით.
კონკურსის მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტების დაფინანსების კონკურსში პროექტები წარდგენილი იყო ყველა სამეცნიერო მიმართულებაში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
დოქტორანტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერა მოიცავს: ა) სტიპენდიას, ბ) სასწავლო და კვლევითი პროცესის ტექნიკური აღჭურვის, ლაბორატორიული საშუალებების ან/და საველე სამუშაოების ხარჯს, გ) პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოფი, სემინარი და სხვა) მონაწილეობის ხარჯს, დ) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯებს და ე) სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო სხვა ხარჯებს – მაგალითად: დოქტორანტურაში სწავლის საფასურს, ბეჭდური/ელექტრონული ლიტერატურის და კომპიუტერული პროგრამის შეძენის ხარჯს, პუბლიკაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ხარჯს და სხვ.
ფონდის პირობების თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მინიმუმ ერთი სამეცნიერო სტატიის სახით გამოაქვეყნოს საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში, ან წარმოადგინოს ცნობა ასეთი სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღების შესახებ. საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემად ფონდის მიერ განიხილება ის რეიტინგული ჟურნალები, კრებულები და წიგნები, რომლებიც ინდექსირებულია Scimago Journal Ranking რეიტინგში ან/და Elsevier (Scopus და ScienceDirect), Web of Science, ERIH plus ბაზებში.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024