04/01/2025
16:08
მსოფლიო
ეჭვმიტანილს, რომელმაც ტრამპის სასტუმროსთან „ტესლას“ ავტომობილი ააფეთქა, დონალდ ტრამპის მიმართ მტრობა არ ჰქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს.
გამოძიების მასალების მიხედვით, ეჭვმიტანილს, სავარაუდოდ, ჰქონდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
ლას ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე წაიკითხეს ეჭვმიტანილ მეთიუ ლიველსბერგერის მიერ დაწერილი წერილები, რომლებიც აღმოაჩინეს ჩანაწერების აპლიკაციაში, რომელსაც ეჭვმიტანილი იყენებდა აფეთქებამდე ათი დღის განმავლობაში.
„მეგობრებს, ვეტერანებს და ყველა ამერიკელს, დროა, გაიღვიძოთ. ჩვენ გვმართავს სუსტი და უგუნური ხელმძღვანელობა, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრებას ემსახურება. ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები, საუკეთესო ქვეყანა, რომელიც ოდესმე არსებობდა. მაგრამ ახლა ჩვენ სასიკვდილოდ ავად ვართ და მივდივართ ჩამოშლისკენ“, – წერდა ეჭვმიტანილი.
ბიუროში აცხადებენ, რომ არ არსებობს კავშირი ახალი წლის დღეს ნიუ ორლეანში ავტომობილით თავდასხმას და ლას ვეგასში „ტესლას” ავტომობილის აფეთქებას შორის. 37 წლის მეთიუ ლიველსბერგერი „მწვანე ბერეტების” წევრი იყო, 2006 წლიდან მსახურობდა არმიაში და ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთის მისიაში.
0
0