12/10/2024
10:52
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო მის გაცილებას სამხედრო ვერტმფრენით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპის საარჩევნო შტაბმა სახელმწიფოს ასეთი თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც მასზე 13 ივლისს და 15 სექტემბერს თავდასხმის ორი მცდელობა განხორციელდა. გასულ თვეს აშშ-ის დაზვერვამ ტრამპს განუცხადა, რომ მას საფრთხე ირანისგან ემუქრება.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს იცავს, განაცხადა, რომ „ყოფილი პრეზიდენტი დაცვის მაღალი დონით სარგებლობს“, მაგრამ ტრამპი უფრო მეტს ითხოვს.
“საიდუმლო სამსახური ფხიზლად ყოფნას გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში, საფრთხეების შესასუსტებლად დაცვის ზომების კორექტირებას მოახდენს“, - განაცხადა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა.
როგორც Reuters-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახურს დაავალა დაიცვას ტრამპი ისე, თითქოს ის მოქმედი პრეზიდენტია, ხოლო თუ მისი თხოვნა რეალისტურია, ის უნდა შესრულდეს.
0
0