29/09/2024
19:41
არჩევნები 2024
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერად ლევან სანიკიძე წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის არჩევნები, რომელსაც მოიგებს ევროპელი, ამაყი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის.
ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მშვიდობიანი მომავალი შეიძლება იყოს მხოლოდ ევროპული, სადაც დაცულია თითოეული საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება და სადაც ყველა მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა.
„მოხარული ვარ, რომ საზოგადოებას წარვუდგინო გამორჩეულად ნიჭიერი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ახალგაზრდა, ჩემი მეგობარი ლევან სანიკიძე, რომელიც არ შემიძლია არ ვახსენო, რომ ყველა პიროვნულ ღირსებებთან ერთად არის ლეგენდარული ლევან სანიკიძის შვილიშვილი. მე ვარ ძალიან ამაყი საზოგადოებას წარვუდგინო ლევან სანიკიძე, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის სპიკერი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
ეს არის არჩევნები, რომელსაც მოიგებს ქართველი ხალხი, ევროპელი, ამაყი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის. ეს არის არჩევნები, რომელზეც გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან ქართველი ახალგაზრდები. დიახ, სწორედ ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
ამ დროს ივანიშვილი მტერს შემრიგებლად აცხადებს, მოყვარეს მტრად და ცდილობს ეს სიყალბე მოგვახვიოს თავს წინასაარჩევნოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. საქართველოს მშვიდობიანი მომავალი შეიძლება იყოს მხოლოდ ევროპული, სადაც დაცულია თითოეული საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება და სადაც ყველა მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა. ივანიშვილი კი გვთავაზობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს და ამავდროულად სიღატაკეს იზოლაციაში, როცა ქვეყნის პირველ პირებს ამერიკელები დემონსტრაციულად აღარ ხვდებიან, როცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შესაძლოა გაუქმდეს და როცა ფინანსური სანქციები ემუქრება თავად ივანიშვილს, რაც ჩამოანგრევს ქვეყნის ფინანსურ სისტემას. ქართველი ხალხი არასოდეს მოაწერს ხელს ქვეყნის ღალატს და 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს.
ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ლევანს და მას წარმატება ვუსურვო ჩვენს საერთო ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024