21/06/2024
10:46
სამართალი
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა", - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებით, დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს განახორციელა შეტყობინება ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
მათვე ცნობით, მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, კანონმდებლობის შესაბამისად, კონტრტერორისტული პროტოკოლით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის სპეციალური ღონისძიებები გაატარეს, რის შედეგადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა გამოირიცხა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებული ცრუ შეტყობინების ათეულობით ფაქტი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სუს-ში აცხადებენ, კონტრტერორისტული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ შეტყობინებების დიდი ნაწილი განხორციელებულია საზღვარგარეთიდან. იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნები, ელექტრონული ფოსტები და IP მისამართები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მოქმედებს ცრუ შეტყობინებების უკან მდგომი პირებისა და პირთა ჯგუფების იდენტიფიცირების მიზნით.
"ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აქტიურ ფაზაში აგრძელებს. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტებზე იქნება საკმაოდ მკაცრი", - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0