22/07/2024
13:46
სამართალი
ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულები პირებიდან კონსტანტინე ჯღამაიამ უწყებაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
როგორც ჯაღმაიას ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.
„გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოვცხადდით, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სახით იყო დაბარებული. ინფორმაცია მივიღეთ, თუ რა საკითხზე ვიყავით დაბარებული, რომელი მუხლებითაა გამოძიება დაწყებული. შემდეგ, ჩემმა კლიენტმა გადაწყვიტა, რომ სასამართლოში დაკითხულიყო, ეს განვაცხადეთ და მაგისტრატ მოსამართლესთან ველოდებით დაკითხვას. სავარაუდოდ, ხუთშაბათს, დაგვიბარებენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე და 18/323 მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ტერორიზმის მომზადებას, შეთქმულებას, ამბოხს გულისხმობს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
თუ კონკრეტულად რა ფაქტს უკავშირდება გამოძიება, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, ვინაიდან გაუთქმელობაზე ხელი აქვს მოწერილი.
„ამის შესახებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირდაპირ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან საქმის დეტალებს არ ვფლობთ. ის ფიქრობს, რომ გამოკითხვაზე დაბარება მისი ცხოვრების წესთან და იმასთანაა კავშირში, რომ უკრაინაში იბრძოდა, საქართველოს ინტერესებს უკრაინაში იცავდა და ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ვარაუდით, ამ ყველაფერთანაა ეს დაკავშირებული“, - აცხადებს ჩიქოვანი.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სულ რამდენი პირია კიდევ გამოკითხვაზე დაბარებული, უცნობია. უკვე გამოძახებულ პირებს პოზიცია დაფიქსირებული აქვთ და ისინი ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.
0
0