26/11/2024
19:35
პოლიტიკა
ჩვენი გზა არის თანმიმდევრული, გონიერი, ცივსისხლიანი, რათა ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე, რა აჯანყება, აჯანყებას რომ იძახიან, იმიტომ მოხდა გუშინ ის, რაც მოხდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, დღეს არსებული მძიმე კრიზისი მხოლოდ „ოცნების“ ბრალი არ არის და ყველამ უნდა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა და შეცდომები.
„არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საზოგადოებაში ვინაიდან იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს რაღაც ოპოზიციური ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, კრიტიკაც შეუძლებელია, არჩევნებამდე ჩვენ ამას ყოველთვის ვითვალისწინებდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი რადიკალიზაცია, სადაც არ უნდა იყოს ეს, ქუჩაში, დაპირისპირება, საერთოდ არ მინდა ვიფიქრო რაღაც ფიზიკურზე, იქნება ისეთი საჩუქარი ივანიშვილისა და „ოცნებისთვის“, რომ ამის გაკეთება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენი გზა არის თანმიმდევრული, გონიერი, ცივსისხლიანი, რათა ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე, აჯანყება კი არა, რა აჯანყება, აჯანყებას რომ იძახიან, იმიტომ მოხდა გუშინ ის, რაც მოხდა. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ვართ ძალიან მძიმე კრიზისში და ეს მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალიცაა. ყველამ უნდა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა, თავისი შეცდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიქნებით სულ და ჩვენ არ ვართ ამისთვის მზად. ჩვენ არასოდეს შეგვშინებია შეცდომების აღიარების, რადგან შეცდომა თუ არ ვაღიარეთ, თვალი არ გავუსწორეთ, ხვალ და ზეგ ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ლაპარაკი სისულელეებზე, აჯანყებებზე, და რაც მთავარია, ხალხისთვის დაბრალება, აი, ხალხისთვის დაბრალება არის ისეთი წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც იგივე ხალხი არავის აპატიებს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გუშინ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამავდროულად, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს აქციაზე მივიდა, რადგან ჩანდა იმედგაცრუება, რომელსაც გუშინდელი აქცია გამოიწვევდა და არ სურდა, ეს იმედგაცრუება მხარდამჭერებს გადასდებოდა.
„რაც შეეხება გუშინდელ აქციას, გუშინდელი აქციის ორგანიზატორები არ ვყოფილვართ ჩვენ. გუშინ იქ იყვნენ ჩვენი ამომრჩევლები და გუნდის წევრები. მე, რა თქმა უნდა, იქ მივედი, პირველ რიგში, მათ გასამხნევებლად და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ჩანდა იმედგაცრუება, რომელსაც გუშინდელი აქცია გამოიწვევდა. ეს იმედგაცრუება რომ არ გადასდებოდა ჩვენი გუნდის წვერებს, ჩვენს მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენ ხმა მოგვცეს, სწორედ ამიტომ მივედი იქ. ვამაყობ, რომ ვიყავი იქ. რაც შეეხება კითხვას ოპოზიციური ლიდერების განცხადებებზე, გაითვალისწინეთ, ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ შენ თავისუფალი ხარ ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან. პირიქით, მაშინ, როდესაც გყავს ასეთი უვარგისი ხელისუფლება, ოპოზიციაში ყოფნა ორჯერ უფრო მეტ და ბევრად მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ნებისმიერ სიტყვას, არაგონივრული, გადამეტებული მოლოდინების შექმნას, ადამიანების ემოციებსა და სენტიმენტებზე თამაშს მოჰყვება ის დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებში არის. მერწმუნეთ, თუ ასე გააგრძელეს, ეს გაბრაზება ოპოზიციის მიმართ უფრო გაიზრდება, ვიდრე ხელისუფლების მიმართ. აგერ ნახავთ, ეს პრობლემა იქნება არათანმიმდევრული, რაღაც გიჟური იდეებით, თან დღეს ერთი, ხვალ მეორე, ყველანაირი გეგმის და ყველანაირი თანმიმდევრობის გარეშე. კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევნებამდე ხალხში მოლოდინი იყო, ერთმანეთი მაინც არ გააკრიტიკოთო, მე მიმაჩნია, რომ არც მაშინ იყო ეს სწორი, ცოტა უფრო ადრე რომ დაგვეწყო ეს კრიტიკა, შეიძლება, აქამდე არ მივსულიყავით, მით უმეტეს, დღეს ეს სწორი არ არის და არანაირი ვალდებულება არ მაქვს. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ხალხთან მაერთიანებს ერთადერთი რამ, ეს არის გაყალბებული არჩევნები და ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ქვეყნის დაკარგული და მოკლული ევროპული პერსპექტივა. ჩვენ სხვა საერთო არაფერი გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება ალტერნატიული პარლამენტის საკითხს, გიორგი გახარია ამბობს, რომ „არ შეიძლება, ყოველდღე საზოგადოებას სიურპრიზებით აღვიძებდე“.
„ცოტა ხუმრობით გიპასუხებთ. აქამდე ერთი არალეგიტიმური პარლამენტი გვქონდა და ახლა ორი გვექნება. ერთში არ შევდივართ და ახლა მეორე არალეგიტიმურ პარლამენტში არ შეგვიყვანოთ. ქვეყანაში გვაქვს ერთი არალეგიტიმური პარლამენტი, რა გინდათ, ახლა კიდევ ერთი არალეგიტიმური პარლამენტი შევქმნათ და იმაზე ვიდავოთ? რომ ვამბობ, რადიკალიზაციას სჭირდება ორი მხარე, ჩვენ ვამბობთ კანონის ყველა მუხლისა და პუნქტის დაცვით, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. ახლა რატომ აკეთებ იმას, რომ ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ აქეთ დაგცინოს. უბრალოდ დაგცინოს, შემდეგ ამან უნდა ეძახოს, შენ ხარ არალეგიტიმური, მერე იმან უძახოს, არა, შენ ხარ არალეგიტიმურიო. კარგი რა. ეს არის არათანმიმდევრულობა. არ შეიძლება, ყველა დღეს საზოგადოებას სიურპრიზებით აღვიძებდე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ, პოლიტიკოსები ამაში მონაწილეობენ, პირველ რიგში, ამას აკეთებს ხალხი“.
0
0