12/11/2024
13:46
პოლიტიკა
თბილისში ჩამოსულია დელეგაცია, რომლის წევრები უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, არ სცემენ პატივს ჩვენს კონსტიტუციასა და გაეროს წესდებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.
მაჭავარიანის თქმით, 11 ნოემბრის აქციაზე დადასტურდა, რომ აქცია „ნაცური“ იყო.
„ამ დელეგაციის წევრების დიდი ნაწილი ის პოლიტიკური ფიგურები არიან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ძალიან უხეშად არღვევდნენ, როცა ჩვენს შიდა საქმეებში ერეოდნენ, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში. სამწუხაროდ, გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ, როცა ოპოზიციის აქციას შეუერთდნენ. მოსახლეობას თავადაც შეუძლია შეაფასოს განცხადებები, რაც მათი მხრიდან აქციაზე კეთდებოდა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა პოლონეთიდან ვეღარ მოუთმინა და „მიშას“ ძახილი დაიწყო, რითაც იმის ლუსტრირება მოხდა, რომ იმართებოდა "ნაცური" აქცია. აქციის ერთ-ერთმა მონაწილეებს უკრაინის მაიდნის სცენარის გათამაშებისკენ მოუწოდა.
აღარაფერს ვიტყვი მიხეილ როთის განცხადებებზე, რომელიც დაკავებულია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის იდენტობის შეურაცხყოფით. როგორც მან განაცხადა, პოლიტიკას ტოვებს - მან ამ განცხადებით გული ნამდვილად არ დაგვწყვიტა. როთს საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭო დაატოვებინეს და შესაბამისად, მისი პოლიტიკური კარიერა სრულდება. აი, ასეთი ტიპის დელეგაცია იყო წარმოდგენილი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა
11 ნოემბერს, თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
0
0