14/11/2024
00:20
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და “საიას” სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
სასამართლომ სამივე სარჩელი გააერთიანა და ერთობლივად განიხილა.
მხარეები სხდომაზე აცხადებდნენ, რომ ფოტო-ვიდეოს სახით არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკო-სგან ხმის ფარულად მიცემის პროცედურა დაირღვა.
სხდომაზე “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან” მოდავე მხარეს წარმოადგენდნენ თამარ კორძაია და თინა ბოკუჩავა.
ბოკუჩავამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ გააჩნიათ მტკიცებულება, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით “სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რითაც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა.
არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე ისაუბრა თამარ კორძაიამაც და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, მოქალაქემ, შამილ შუგაევმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ არჩევნების დღეს, ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენის მეორე მხრიდან შესამჩნევი იყო, თუ რა ტიპის არჩევანს აფიქსირებდა ამომრჩეველი, რითაც ირღვეოდა ხმის ფარულად მიცემის პროცესი. კორძაიას განმარტებით, შუგაევმა ამის შესახებ პრეტენზია ადგილზევე მოახსენა უბნის კომისიას და საჩივრის დაწერა მოითხოვა, თუმცა შუგაევს ადგილზე საჩივრის დაწერის შესაძლებლობა არ მიეცა. ამის შემდეგ კი, მოქალაქე შუგაევმა ცესკო-ს ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც მოისმინეს მისი პრეტენზია და უპასუხეს, რომ გადაურეკავდნენ, თუმცა ცესკო-დან შუგაევისთვის არავის დაურეკავს.
კორძაია განმარტავს, რომ ამის შემდგომ შუგაევმა ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართა და მის მიერ ცესკო-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის მისსავე ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნა მოითხოვა. კორძაიას თქმით, შუგაევს გააჩნია ე.წ. სქრინშოტი, რითაც დგინდება, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ცესკო-ში მან ნამდვილად დარეკა.
როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, ეს ყველაფერი არის მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა არჩევნებზე, ამიტომ მიმართა მოსამართლეს, რომ შუამდგომლობა, რომელიც მოქალაქე შუგაევის მიერ ცესკო-ში განხორციელებულ ზარს ასახავს, დაეკმაყოფილებინა, “იმისთვის, რომ ვამხილოთ მატყუარა ხელისუფლება”.
მოსამართლემ კორძაიას კორექტულობისკენ მოუწოდა, შუამდგომლობა კი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
თავის მხრივ, შუამდგომლობების განხილვისას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე ისაუბრა “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელიძემაც.
“ერთ-ერთ უბანზე მამაკაცი ცდილობდა ქალის პირადობით ხმის მიცემას. ხშირ შემთხვევაში, პასპორტებში იდებოდა ფურცლები, სადაც ეწერა სხვა ადამიანების პირადობის ნომრები და ამგვარად ხდებოდა ხმის მიცემა”, - აღნიშნა ართქმელიძემ.
შუამდგომლობები “საიამაც” დააყენა. საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს 10-ზე მეტი შუამდგომლობით მიმართა სამივე მხარემ, მათ შორის, რიგი მოწმეების დაკითხვის შესახებ, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ ყველა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არცერთი არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 13 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას მხარეები სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
0
0