21/02/2022
20:32
საზოგადოება
„მშობლიური ენა ერის იდენტობის შენარჩუნების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უნიკალური საშუალებაა. ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ქართულ ენას მსოფლიოს 6 ათასამდე ენას შორის საპატიო ადგილი უკავია. ჩვენი საამაყო წინაპრების დამსახურებით, ქართულმა ენამ საუკუნეებს გაუძლო. 21 თებერვალს მშობლიური ენის დღეს მსოფლიო აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს არა მხოლოდ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე. მან აღნიშნა, რომ მშობლიური ენის დაცვა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„მშობლიური ენის საერთაშორისო დღე თბილისის საკრებულოში ტრადიციულად აღინიშნება. მიხარია, რომ გვყავს საინტერესო სტუმრები და უნიკალური ექსპონატები გვაქვს გამოფენილი. საქართველოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთა ნაწილისთვისაც მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია,“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ენათმეცნიერები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები გამოვიდნენ. თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი იყო უიშვიათესი მასალა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ასევე ასოციაცია „ქართული შრიფტის“ მიერ წარმოდგენილი შრიფტების ნიმუშები (სხვადასხვა ეპოქის), ლექსიკონები, იშვიათი მხატვრული გამოცემები და თარგმანები. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლების „ლაშქარის“ და „თამარიონის“ მიერ შესრულდა აფხაზური და ოსური საცეკვაო ნომრები.
ასევე წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრალური სანახაობაც. სამი კალიგრაფის მიერ, ადგილზე შესრულდა ბანერი, წარწერით „მშობლიური ენის საერთაშორისო დღე“, რომელზდაც საპატიო წევრებმა ღონისძიების ბოლოს ხელი მოაწერეს. თბილისის საკრებულოში გამართული ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერი სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იყო. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით, 1999 წელს დააწესა. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015-16 წწ. შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება.
0
0