28/12/2021
12:20
საზოგადოება
თბილისის საკრებულომ რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას გადახდის ახალი საბარათე სისტემის დანერგვის შესახებ ცვლილებები დაამტკიცა.
შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ულიმიტო საბარათე სისტემაზე გადადის.
რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებში (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტში (მეტრო), საბაგირო გზაზე „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრობის ღირებულებას ახალი სისტემით გადაიხდიან.
ცვლილების თანახმად, მგზავრობის ტარიფის გადახდის შემდეგ პირი 90 წუთის განმავლობაში იმგზავრებს ულიმიტოდ, იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობის დაწყებისას აიღებს სამგზავრო ბილეთს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა. უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებს ცვლილება არ შეეხება და ისინი კვლავ დღეის მდგომარეობით მათთვის მოქმედი ტარიფით ისარგებლებენ. რაც შეეხება ვადიან სამგზავრო ბარათებს, მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებში, მეტროსა და საბაგიროში. ბარათით სარგებლობისას დაცული უნდა იყოს არანაკლებ 15-წუთიანი ინტერვალი, ამასთან გადახდის სისტემაში ყოველი მგზავრობის დაწყებისას უნდა დაფიქსირდეს ვადიანი სამგზავრო ბარათი. ვადიანი სამგზავრო ბარათების ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 დღე – 3 ლარი ; 1 კვირა – 20 ლარი ; 1 თვე – 40 ლარი; 3 თვე – 100 ლარი ; 6 თვე – 150 ლარი; 1 წელი – 250 ლარი. ვადიანი სამგზავრო ბარათებით სარგებლობა ძალაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა.
0
0