06/12/2021
00:20
პოლიტიკა
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ.
არადა „ნაციონალური მოძრაობა“ თავად შემოვიდა ახალ საკრებულოში, მხარი დაუჭირა საკრებულოს უფლებამოსილებას და ამის შემდეგ აანონსებს აქციებს - აქციას, რომელის მთავარი მიზანი ქუჩის პოლიტიკური აქტივობის რამდენიმე წამიან კადრ-სინქრონად ტელევიზიებში გასვლაა. ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, გადადიან ყოველგვარ პოლიტიკურ და მორალურ ზღვარს და იქცევიან ზუგდიდისთვის და მისი ინტერესებისთვის საზიანოდ.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ზუგდიდის საკრებულოში 22 წევრითაა წარმოდგენილი, დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნით, რომ ვერ მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. მათ იგივე სურდათ ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, უნდოდათ ჩაეგდოთ 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რაც გამოიწვევდა მუნიციპალური სერვისების შეჩერებას, უფასო სოციალური სასადილოს, მუნიციპალური ტრანსპორტის, ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მუშაობის შეფერხებას - ისინი ამ სურვილს ღიად აფიქსირებდნენ და არც მალავდნენ, რომ მათი მიზანი კრიზისის შექმნა იყო, რომელიც ზუგდიდის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახებოდა. თუმცა ამის შესაძლებლობა ამ დესტრუქციულ ძალას არ მივეცით.
ეს სწორი გადაწყევტილება იყო, ჩვენ მაშინაც ვამბობდით რა სურდა ამ პოლიტიკურ ძალას და რა მიზანიც ჰქონდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უმრავლესობას არ ფლობს ქართული ოცნება. მათ ხალხის ხმები სჭირდებათ არა საქმის საკეთებლად, არამედ ასარევად. ეს ძალა ყოველდღიურად ამტკიცებს რომ მათი მიზანი მხოლოდ ნეგატიური დღის წესრიგია, ისინი ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ მათი დაბრუნება ხელისუფლების არცერთ რგოლში არ შეიძლება და დამღუპველია.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ სურს მუნიციპალიტეტის განვითარების შეფერხება. მათი ერთადერთი მიზანი გისოსებში მყოფი ბელადის ნაკარნახევი ნარატივის შესრულებაა.
რა გვსურს ჩვენ ახალ საკრებულოში? - გვსურს სტაბილური განვითარება და კეთილდღეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის. გვსურს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ყოველდღიურად გაკონტროლდეს მუნიციპალიტეტების სამსახურების საქმიანობა, ხარჯების ნაწილი და მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების საჭიროებებისთვის ზრუნვაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხის სამსახურში დგას და ეს პრინციპი ადგილობრივ დონეზეც ეფექტურად და ღირსეულად უნდა განხორციელდეს, რათა მომდევნო წლებში მოქალაქეებმა საკუთარ თავზე იგრძნონ ის პროგრესი, რასაც ზუგდიდში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები უზრუნველყოფს.
მოსახლეობა კარგად ხედავს განსხვავებას იაფფასიან, მცირერიცხოვან სანახაობაზე ორიენტირეულ პოლიტიკურ პარტიებსა და გუნდს შორის, რომელსაც ამ ქვეყნის, ჩვენი მუნიციპალიტეტის, ქალაქის, სოფლების, უბნების, ქუჩების განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს.“ - წერს თაზო ფაცაცია.
0
0